როგორ შეიძლება ქვეყანაში სასამართლოს კარგი იმიჯი ჩამოყალიბდეს, როცა ყველა ცდილობს, გარკვეული მიზნებიდან გამომდინარე, ტალახი ესროლოს სასამართლოს და კონკრეტულ მოსამართლეებს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ გააკეთა.
მურუსიძის თქმით, მოსამართლეებს ისეთ რამეს აბრალებენ, რაც ბუნებაში არ არსებობს და ეს მისთვის მტკივნეულია.
„არ შეიძლება მოსამართლეს უწოდო მექრთამე, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ეს სასამართლოს იმიჯს აზიანებს. მთავარი ის კი არ არის, შემდეგ ეს მოსამართლე წავა სასამართლოში, დაამტკიცებს და ვინმეს ამაზე პასუხს მოსთხოვს თუ არა... თუკი ჩვენ დაინტერესებული ვართ სასამართლოს პრესტიჟით, ამას უნდა გავუფრთხილდეთ. პოლიტიკოსების სიტყვას თავისი წონა აქვს და როცა ისინი გამოდიან და მოსამართლეებს შეურაცხყოფას აყენებენ, ამას უსმენს ხალხი“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მან შეხვედრის მონაწილეებს მიმართა, რომ იზრუნონ ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ჩამოყალიბებაზე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დეპუტატებს მართლმსაჯულების სტრატეგია გააცნეს.