2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ, ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის დღემდე დაძაბულია. დაძაბულობა შეიძლება კიდევ უფრო გამძაფრდეს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ახლახანს ხელმოწერილი განკარგულების გამო, რომლის თანახმადაც ქვეყანაში გადაადგილებაზე სავიზო რეჟიმი რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის უქმდება, რომლებიც რუსეთის ფედერაციის შვიდ ჩრდილო–კავკასიურ რესპუბლიკაში ცხოვრობენ. ეს რესპუბლიკებია: ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, დაღესტანი, ყაბარდო–ბალყარეთი, ყარაჩაი–ჩერქეზეთი და ადიღეა.
ბრძანება 11 ოქტომბერს გამოიცა და ძალაში შევიდა 2010 წლის 13 ოქტომბერს; ის ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში ვიზის გარეშე იმოგზაურონ და იქ 90 დღის განმავლობაში დარჩნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ განკარგულების მიზანი ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის საქართველოში მოგზაურობის გამარტივებაა „რუსეთ–საქართველოს ერთადერთი კანონიერი სახმელეთო საზღვრის საშუალებით“.
კალანდაძემ დასძინა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ბევრ მცხოვრებს სურს საქართველოში მოგზაურობა როგორც კომერციული, ასევე სხვა მიზნებით, კერძოდ ქართულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის. „ერთადერთ კანონიერ სახმელეთო საზღვარში“ მან „ყაზბეგი–ზემო ლარსის“ უღელტეხილი იგულისხმა. აღსანიშნავია, რომ უღელტეხილი „ყაზბეგი–ზემო ლარსი“ 2006 წლის ივლისში დაიხურა, როდესაც რუსეთმა განაცხადა, რომ სასაზღვრო პუნქტის რემონტის და მოდერნიზაციის აუცილებლობაა; თუმცა, 2010 წლის მარტში რუსეთმა და საქართველომ მისი ხელახალი გახსნის შესახებ მოილაპარაკეს. ეს სომხებისთვის გაკეთდა, რომ მათ რუსებთან საქართველოს ტერიტორიის გზით ურთიერთობის საშუალება ჰქონოდათ. ზოგიერთებმა, კერძოდ კი ჟურნალისტმა ფრედ უეირმა, ეს ორ ქვეყანას შორის შერიგებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვა. სინამდვილეში კი საზღვარი სპეციალურად სომხებისთვის გახსნეს, რადგან მათი ქვეყანა აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაციის გამოა, ბაქოს და ანკარის მხრიდან ბლოკადის მსხვერპლია. „ყაზბეგი–ზემო ლარსის“ საზღვრის გახსნა სომხეთმა საქართველოს ბლოკადის შემსუბუქებისთვის სთხოვა.
სინამდვილეში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკვე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავაკსიას და ამეირკავკასიას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაცია აუცილებელია; 2010 წლის 23 სექტემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ის „თავისუფალ, სტაბილურ და ერთიან კავკასიაზე“ საუბრობდა და განაცხადა, რომ „მართალია ჩვენ სხვადასხვა სახელმწიფოებს ვეკუთვნით და [კავკასიის] მთების სხვადასხვა მხარეს ვცხოვრობთ, მაგრამ ადამიანური და კულტურული სივრცის თვალსაზრისით არანაირი ჩრდილოეთ კავკასია და ამიერკავკასია არ არსებობს, არსებობს ერთი კავკასია…“ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ხელმოწერით სააკაშვილი „ერთიან კავკასიაზე“ საკუთარი იდეების რეალიზაციას შეუდგა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ნაბიჯს გაღიზიანებით უპასუხა და საქართველოს ქმედება შეაფასა „რუსეთის მოქალაქეების სხვადასხვა კატეგორიებად დაყოფის მცდელობად, რაც ცივილიზებულ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს ეწინააღმდეგება; ასევე აშკარაა, [ამ გადაწყვეტილების] კავშირი თბილისის სურვილთან, რომ სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინოს და ყურადღება გადაიტანოს საქართველოს მთავრობის დესტრუქციული ურთიერთობებიდან სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმართ“. ცნობილია, რომ დაძაბულობა კავკასიაში ყოველთვის ძალიან მაღალია, განსაკუთრებით ბოლო თვის განმავლობაში, ასე რომ გაურკვეველია, რა სტაბილურობასა და ზემოთხსენებულ ოფიციალურ განცხადებებზეა საუბარი.
გარდა ამისა, გაუგებარია, რატომ მიაჩნია „უვიზო რეჟიმის შემოღება“ რუსეთს „ცივილიზებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების“ წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად. ვის–ვის და რუსეთს არ აქვს უფლება საქართველოს ნაბიჯს „ცივილიზებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმების“ საწინააღმდეგო უწოდოს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოსკოვი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის (ტერიტორიების, რომლებიც საერთაშორისო სამართლის თანახმად საქართველოს ეკუთვნის) პასპორტებს ურიგებს და შემდეგ ამას საქართველოს წინააღმდეგ ომში ჩაბმის საბაბად იყენებს 2008 წლის აგვისტოში.
საქართველოს იმაშიც ადანაშაულებენ, რომ ის ცალმხრივ რეჟიმში მოქმედებს და ამ საკითხზე რუსეთის აზრს არ ითვალისწინებს. ამ ბრალდებებზე საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველო – სუვერენული სახელმწიფოა და ჩვენი გადასაწყვეტია, რომელ ქვეყანას როგორ სავიზო წესებს დავუწესებთ“.
კავკასიის სპეციალისტმა ორგანიზაციიდან „საერთაშორისო სტრატეგიული კვლევები“ (ანკარა) გიუნერ ეზკანმა და იგივე ორგანიზაციის საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთმა სპეციალისტმა ჯერენ მუტუშმა განმარტეს სავიზო პროცესში წესების ცალმხრივად გამოყენების ნიუანსები საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. ორივე ამტკიცებს, რომ აბსოლუტურად ნორმალურია ცალმხრივად განსაზღვროს სახელმწიფომ ის, თუ რომელ ქვეყანასთან რა სავიზო რეჟიმის დაწესება სურს. თუმცა, პროფესორ ეზკანის თქმით, პრაქტიკაში ჩვეულებრივ ეს მოქმედი საერთაშორისო სამართლის ურთიერთგაგების პრინციპის შესაბამისად კეთდება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყნაში შესვლაზე სავიზო შეზღუდვას ეს ქვეყანა მეორე ქვეყნის მხრიდან იგივე ნაბიჯის საპასუხოდ აუქმებს; მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუკი ამ პრინციპს არ მისდევ, ეს საერთაშორისო ნორმების დარღვევაა.
გასული ათწლეულის განმავლობაში რუსეთმა ცალმხრივად შემოიღო სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. საინტერესო ის არის, რომ 2000 წელს, რუსეთმა საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმი შემოიღო, მაგრამ ის არ ვრცელდებოდა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობაზე. აღსანიშნავია, რომ 2000 წელს ამ ორ გამოყოფილ რეგიონს საქართველოს შემადგენელ ნაწილებად თავად რუსეთი აღიარებდა. ამავდროულად, უკვე 2003 წელს რუსეთმა გაამარტივა სავიზო წესები მხოლოდ საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მცხოვრებთათვის, თანაც ეს ისე გააკეთა, რომ საქართველოსთან ამ საკითხზე კონსულტაციები არ გაუმართავს. ყველა ეს ფაქტი ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთის ბრალდებები საქართველოს მიმართ დაუსაბუთებელი და აბსურდულია. მარტივად რომ ვთქვათ, არ შეიძლება სხვებისგან არ მოელოდო იმას, რაც შენ მათ უკვე გაუკეთე.
როგორც პროფესორმა ეზკანმა თქვა, „რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიასა და ამიერკავკასიას შორის შესაძლო სოციალური ინტერაქციისთვის ხელის შეშლა ყოველთვის სურდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლობელი ხალხია, თუკი მათ კულტურასა და ტრადიციებს გავითვალისწინებთ. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხს ამიერკავკასიასთან მჭიდრო ნათესაური კავშირები აქვს“. ახლა, როგორც ამას საქართველოს მთავრობის წევრები აცხადებენ, განკარგულების ამოქმედების შემდეგ, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხი საქართველოს მოაშურებს სამუშაოს ძიებაში, განათლების მისაღებად ან უბრალოდ ტურისტული საქმიანობისთვის. ეს, თავის მხრივ, განამტკიცებს კავშირებს საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური სიტუაცია ამიერკავკასიაში უკეთესია, ვიდრე ჩრდილოეთ კავკასიაში; ჩრდილოეთ კავკასიაში უმუშევრობის დონე მაღალია, როგორც რუსეთის ფედერაციის დანარჩენ რეგიონებთან, ასევე – ამიერკავკასიასთან შედარებით.
რატომ ღელავს რუსეთი იმაზე, რომ საქართველოში შეიძლება ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის გადინება მოხდეს? ამ კითხვაზე პასუხი რთულია ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ მანამ, ვიდრე მასზე პასუხის გაცემას შევეცდებით, კიდევ ერთი კითხვა უნდა დავსვათ: გაუჩენს თუ არა ადამიანებს საქართველოში მოხვედრის სურვილს საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიის რეპუბლიკებს შორის უვიზო რეჟიმის მოქმედება?
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: რა უნდათ ამ ადამიანებს საქართველოში? ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკმარისად მიმზიდველია კი საქართველო? ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ეკონომიკური სხვაობის დონე ზოგადად ჩრდილოეთ კავკასიას, საქართველოსა და რუსეთს შორის, რათა გავიგოთ ის, თუ რამდენად მიმზიდველია საქართველო. ძალიან სადაო იქნება იმაზე ფიქრი, რომ ხალხი საქართველოს განათლებისთვის მიაწყდება, რადგან ის ამ მხრივ რუსეთს ბევრად ჩამორჩება, როგორც ხარისხის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების ტექნიკური აღჭურვის თვალსაზრისით. საკმარისია, თვალი გადავავლოთ მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიურ რეიტინგს, რომ ამაში მარტივად დავრწმუნდეთ.
კიდევ ერთი საკითხი: შეძლებენ თუ არა დასაქმებას ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლები საქართველოში, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში უმუშევრობის მხრივ გაცილებით რთული სიტუაციაა, ვიდრე რუსეთში? მსოფლიო ბანკის 2009 წლის მონაცემებით, რუსეთში უმუშევრობის დონე 6,4 %–ს აღწევს, ხოლო საქართველოში იმავე წელს 13,3%–ს. მეორე მრივ, რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე, კერძოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, უმუშევრობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში, მაგალითად ინგუშეთში, სადაც ეს მაჩვენებელი 55%–ია. ასეთი ციფრების ფონზე მარტივია იმის თქმა, რომ ჩრდილოეთ კავკასიას და საქართველოს შორის უმუშევრობის მხრივ ეკონომიკური სხვაობა თვალშისაცემია.
თუმცა, საქართველოში დასაქმებისთვის ქართული ენა შესაძლოა ჩრდილოეთ კავკაიელებისთვის დაბრკოლებად იქცეს, რუსეთში კი მსგავსი ბარიერი არ იქმნება. აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო მიმოსვლა მოსკოვს და ჩრდილოეთ კავკასიას შორის კარგადაა აწყობილი, რაც, თავის მხრივ უმარტივებს ჩრდილოკავკასიელებს მოსკოვსა და სანკტ–პეტერბურგში მოხვედრას, სადაც მათ სამუშაოს პოვნის მეტი შანსი აქვთ, ვიდრე საქართველოში. აუცილებელია იმის თქმაც, რომ 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის მიუხედავად, ათასობით ქართველი მუშაობს რუსეთში და ისინი ნათესავებს საქართველოში ფულს უგზავნიან. თუკი თავად ქართველები შოულობენ ფულს რუსეთში, გულუბრყვილობაა იქნებოდა იმის გაფიქრება, რომ ჩრდილოეთ კავაკსიამ საქართველო შეიძლება სამოთხედ აღიქვას.
დავუბრუნდეთ იმ საკითხს, თუ რატომ აღელვებს რუსეთს ჩრდილო კავკასიიდან ადამიანების შესაძლო გადინება საქართველოში. ერთ–ერთი მიზეზი ზემოთ დასახელდა: ეს არის სოციალური ურთიერთქმედების გააქტიურება ჩრდილოეთ კავკასიას და ამიერკავკასიას შორის. რუსეთი ცდილობს საქართველო ამიერკავკასიის შეუმდგარ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს. დღეს უვიზო გადაადგილების უფლება ჩრდილოეთ კავაკასიის მცხოვრებლებს იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ მათ საქართველოში არსებული რეალური სიტუაცია ნახონ. ეს დაეხმარება საქართველოს რუსეთის ფედერაციის მიერ გავრცელებული მითების დამსხვრევაში. ამავდროულად, საქართველო ცდილობს გაააქტიუროს ჩრდილოეთ კავკასიასთან თანამშრომლობა გრძელვადიანი მიზნით, რათა აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა. ანუ საქართველოს სურს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე რეგიონების ეკონომიკებს განვითარების სტიმული მისცეს, რათა მათ საკუთარი მომავლის საქართველოსთან დაკავშირების სურვილი გაუჩინოს და არ შენარჩუნდეს ის მყიფე სტატუს–ქვო, რომელიც ახლა მოქმედებს. როგორც უკვე ითქვა, ამ პოლიტიკამ ან განზრახვამ შეიძლება არ იმუშაოს, თუკი ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლები საქართველოს რუსეთს ამჯობინებენ.
არსებობს მოსაზრება, რომ უვიზო რეჟიმის შემოღებამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები შექმნას უსაფრთხოების თვალსაზრისით, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე თავად საქართველოში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მსგავსი საფრთხეების მოსპობა სავიზო რეჟიმების მანიპულიებით არ უნდა ხდებოდეს, ეს უკვე კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთო ამოცანას ეხება და ის უსაფრთხოების სამსახურებმა უნდა გადაწყვიტონ. თუმცა, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ საქართველო რუსეთს აშანტაჟებს ჩრდილო–კავკასიელებისთვის ვიზების გაუქმებით. ანუ, საქართველო, შესძლოა, აპირებს რუსეთის დაშანტაჟებას ან საკუთარი პოზიციების განმტკიცებას მოლაპარაკებებზე იმით, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში აჯანყებულებს მანევრის სივრცეს აძლევს, რამაც რუსეთის ადმინისტრაციას დიდი თავისტკივილი შეიძლება გაუჩინოს.
საბოლოოდ კი აუცილებელია ითქვას, რომ საქართველოს გადაწყვეტილება ჩრდილოკავკასიელებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე „ცივილიზებულ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას“ არ ეწინააღმდეგება, ხოლო თუკი ეწინააღმდეგება, რუსეთმა ბოლო ათწლეულის განმავლობათი ეს ნორმები საქართველოს მიმართ ძალიან ბევრჯერ დაარღვია. საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან ურთიერთობის გააქტიურება სურს და იმედოვნებს, რომ პოზიტიურ გავლენას მოახდენს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესზე მსგავი ინტეგრაციის პოლიტიკის საშუალებით. თუმცა საქართველოს ამ ნაბიჯმა რუსეთზე სხვა შთაბეჭდილება მოახდინა და ამან შესაძლოა ქვეყნებს შორის მტრული დამოკიდებულება გააღრმავოს. ამავდროულად, რთული წარმოასდგენია, რომ საქართველო შეძლებს ბევრი ადამიანის მოზიდვას ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან, რადგან რუსეთი გაცილებით მიმზიდველია, ვიდრე საქართველო, ასევე იმის გამოც, რომ საქართველოსთან ენობრივი ბარიერი არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა ვერ მისცემს მათ უკეთესი ცხოვრების იმედს. მაგრამ, ვიღაცამ, შესაძლოა ამა თუ იმ მიზეზით მაინც საქართველო ამჯობინოს, მაგალითად, უსაფრთხოების თვალსაზრისით.
თუმცა, რუსეთი, თუკი ის სწორ ნაბიჯებს გადადგამს და გონივრულად იმოქმედებს, შეძლებს ამ ფაქტების პოზიტიურ მოვლენებად გარდაქმნას კავკასიაში. რუსეთს თავად შეუძლია ჩრდილოეთ კავკასიის გამოყენებით საქართველოსთან ურთიერთობა გააქტიუროს და თავის სარგებლად აქციოს. ეკონომიკური ურთიერთობის ინტენსიფიკაციას შეიძლება საქართველოს შიგნით სეპარატისტული კონფლიქტების გადაწყვეტა მოჰყვეს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება გეოგრაფიულად გავრცელდება. მსგავსი სტრატეგიის წყალობით, რუსეთი მშვიდობიანი მეთოდით შეძლებს საქართველოს შემომტკიცებას და შესაძლოა რეგიონში „დასავლური“ ინტერესების შემდგომი შეღწევის შენელებასაც.