საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ,,სიღნაღიზაციის” დათვალიერების დროს სამშენებლო კომპანია ,,ტრესტი #3″-ის ხელმძღვანელს ვახტანგ ყანჩაველს შეხვდა. მისი თანხლებით სამუშაოები დაათვალიერა და მომავალ აღმშენებლობაზე ისაუბრა.
ყანჩაველი და სააკაშვილი, 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, სხვა და სხვა მხარეს იდგნენ. მიხეილ სააკაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობას” ედგა სათავეში, ხოლო ვახტანგ ყანჩაველი მაშინდელი სამთავრობო ბლოკის – ,,ახალი საქართველოსთვის” – ლიდერი იყო შიდა ქართლში. ყანჩაველი იყო ასევე გორის მაჟორატი დეპუტატი ,,მოქალაქეთა კავშირიდან”. როგორც მაშინდელი გუბერნატორი დავით ქობლიანიძე აცხადებდა, ყანჩაველი დიდი ავტორიტეტით და პატივისცემით სარგებლობდა ადგილობრივ მოსახლეობაში. ის ცნობილი სპორტსმენის და მოკრივის გიორგი კანდელაკის სიმამრია. ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ ყანჩაველი სამშენებლო სფეროს დაუბრუნდა.
როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვისაა ცნობილი, იგი, ბევრჯერ, იძულებული გახდა, საკუთარი სახსრებით, სხვა და სხვა ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია განეხორციელებინა. ამჟამად, გორის ძველი უბნის რეაბილიტაციისთვის 2 მლნ ლარია გამოყოფილი. აღნიშნულ სამუშაოებს ყანჩაველის კომპანიის გარდა კიდევ 3 კომპანია ახორციელებს, მათ შორის ,,იბოლია” და ,,არქმშენსტუდია”, რომლის ხელმძღვანელები ძმები მაკრახიძეები არიან. ,,იბოლია”, 2010-2011 წლებში, ნაციონალურ მოძრაობას 100 000 ლარს სწირავს. ამავე მშენებელთა სიაში ,,საგზაო სამშენებლო სამმართველოა”, რომლის ხელმძღვანელობამ ,,ნაციონალურ მოძრაობას” იმავე 2010-2011 წელს – ანალოგიური თანხა შესწირა. აღნიშნულ კომპანიები, ვარდების რევოლუციამდეც და შემდეგაც, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სხვა და სხვა ტენდერებში მუდმივად იმარჯვებს. დღეს კი ადგილობრივ ბიუჯეტს – საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი განეგებენ. ორივე მათგანი 2003 წლამდე ,,მოქალაქეთა კავშირის” პარტიული წარმომადგენლები იყვნენ.