საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე 41 წლისაა, აჭარის უზენაესი საბჭოს ტელესტუდიის დირექტორი გიორგი თარგამაძე - მხოლოდ 23-ის. ორივე კი ნოემბერში არიან დაბადებულნი. მათ ბიოგრაფიებში ამის გარდა ბევრი სხვა საერთოც აღმოვაჩინეთ.
პროფესიის არჩევისას ორივე მამის კვალს გაჰყვა. თუ ბატონი კახას მამა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო, გიორგის მამა - ტელევიზიაში მუშაობდა. ესოდენ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა ორივესთვის სასიამოვნო მოულოდნელობა ყოფილა.
როცა გიორგი, „იბერვიზიის“ ტელევარსკვლავი ეკრანიდან გვხიბლავდა, ბატონი კახას უნიფორმის სამხრეებზე ვარსკვლავი ვარსკვლავს ემატებოდა. ორივეს მეუღლეებს სახელად თამუნა ჰქვია. თარგამაძეების გზები კი მაშინ გაიყო, როდესაც გიორგი თბილისიდან სამუშაოდ ბათუმში გადაიყვანეს, ხოლო კახა ბათუმიდან თბილისში გადმოვიდა.
ამჟამად, კახა თარგამაძე საბურთალოზე ცხოვრობს და სამსახურებრივი მანქანა ემსახურება. გიორგი კი ბათუმის ცენტრში ცირკის პირდაპირ მდებარე სახლის ჩვეულებრივ სამოთახიან ბინაში ცხოვრობს. ისევე, როგორც ბათუმს საცირკო დასი არ ჰყოლია, არც გიორგის ჰყოლია „ბვმ“ ან „მერსედესი“. იგი უბრალო, საფარისფერი „09“-ით დადის და, როგორც თავად ამბობს, სიამოვნებით გაუცვლის ვინმეს ზემოთ აღნიშნულ მანქანებში.
და ბოლოს - ორი რჩეულის რჩეულნი ერთმანეთის გარე ბიძაშვილები არიან.