3 მაისს ლონდონი ახალ მერს აირჩევს

3 მაისს ლონდონი ახალ მერს აირჩევს

ლონდონის მერის თანამდებობის დასაკავებლად, 3 მაისს დაგეგმილ არჩევნებზე, შვიდი კანდიდატი იბრძოლებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საარჩევნო კომისია იუწყება.

ლონდონის მერის თანამდებობა 2000 წელს დაკანონდა. ქალაქის თავს ოთხი წლის ვადით ირჩევენ, ამავე დროს არჩევის ჯერადობა შეზღუდული არ არის.

3 მაისს ლონდონი თავის მეოთხე მერს აირჩევს. ამომრჩევლად დარეგისტრირება შეუძლია ბრიტანელ, ირლანდიელ და თანამეგობრობის, ასევე ევროკავშირის ყველა მოქალაქეს 18 წლის ასაკის ზევით, რომლებიც ლონდონში ცხოვრობენ. ამომრჩევლად დასარეგისტრირებლად ბოლო ვადა 18 აპრილია.

ძირითადი ბრძოლა, სავარაუდოდ, ახლანდელი მერის, კონსერვატორ ბორის ჯონსონსა (Boris Johnson) და ლეიბორისტ კენ ლივინგსტონს (Ken Livingstone) შორის გაიმართება, რომელიც, თავის მხრივ, ამ პოსტს 2000 წლიდან 2008 წლამდე იკავებდა.

ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას, ისევე როგორც 2008 წელს, სკოტლანდ იარდის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ბრაიან პადიკი (Brian Paddick) წარმოადგენს. „მწვანეების“ სახე ამ არჩევნებზე ლონდონის ასამბლეის დეპუტატი ჯენი ჯონსი (Jenny Jones) იქნება.

საარჩევნო მართონში ასევე ჩაებნენ ლორენს უები (Lawrence Webb) გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიიდან, ულტრა-მემარჯვენე ბრიტანეთის ნაციონალური პარტიის პრეს-მდივანი კარლოს კორტილია (Carlos Cortiglia) და დამოუკიდებელი კანდიდატი, 41 წლის მომხიბლავი ქალბატონი შიბონ ბენიტა (Siobhan Benita).

ლონდონის მერის არჩევნები ეგრეთ წოდებული დამატებითი ხმის მიცემის (supplementary vote) წესით ტარდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ამომრჩეველს უფლება აქვს საარჩევნო ბიულეტენში რიგითობის გათვალისწინებით მიუთითოს მისთვის სასურველი ორი კანდიდატურა. თუ „პირველი უპირატესი“ ხმების დათვლით ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების 50%-ზე მეტს, მაშინ უკეთესი მაჩვენებლის მქონე ორ კანდიდატს შორის ის კანდიდატი ჩაითვლება არჩეულად, რომელიც „მეორე უპირატესი“ ხმების ჯამით უკეთეს შედეგს აჩვენებს.

კომპანია YouGov-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევები აჩვენებენ, რომ ელექტორატის 49% მოქმედ მერს, ჯონსონს ანიჭებს უპირატესობას, მის ვიზავს ლივინგსტონს კი 41% უჭერს მხარს. „მეორე უპირატესის“ მაჩვენებლით ჯონსონს 54%, ხოლო ლივინგსტონს 46% უჭერს მხარს.

თუმცა არჩევნებამდე ჯერ კიდევ საკმარისი დროა სიტუაციის შესაცვლელად. ყველაფერს ლონდონელთათვის მტკივნეულ საკითხებთან (კრიმინალი, ტრანსპორტი, მშენებლობა) მიმართებაში კანდიდატების პოზიციები განსაზღვრავს.

ახლადარჩეული მერი, ყველა სიკეთესთან ერთად, ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის საპატიო უფლებასაც მოიპოვებს.