ბათუმში მართლმადიდებლური ფილმების V საერთაშორისო ფესტივალი იხსნება

ბათუმში მართლმადიდებლური ფილმების V საერთაშორისო ფესტივალი იხსნება

ორშაბათს ბათუმის დრამატულ თეატრში მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი  – “წმინდა ანდრიას ჯვარი” გაიხსნება და პარასკევს დაიხურება. ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრესა.გე აჭარის ა/რ კულტურის ყოფილ მინისტრს, მათე ტაკიძეს შეხვდა და ესაუბრა – ის ახლა  მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დირექტორია.

 

ფესტივალი წელს მეხუთედ ტარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს მართლმადიდებლურ თემატიკაზე შექმნილი, შემდეგი კატეგორიის ქართული და უცხოური ფილმები: მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, სტუდენტური. ასევე, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მართლმადიდებლურ თემატიკაზე შექმნილი ტელეფილმები, ტელეპროგრამები, სარეკლამო რგოლები და კლიპები. როგორც მათე ტაკიძემ გვითხრა, ფესტივალზე წარმოდგენილ ფილმებში, სულიერებასთან ერთად აქცენტი ეთნოგრაფიაზეცაა გაკეთებული. 

 

ფესტივალი ტარდება საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა–კურთხევით, მისი უშუალო პატრონაჟით და ეძღვნება სვეტიცხოვლის აშენებიდან 1 700 და განახლებიდან მეათასე წლისთავს.

 

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულიერ თემატიკაზე შექმნილი ანიმაციური ფილმები, რადგან მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ანიმაციის საშუალებით მიწოდებული ღვთის სიტყვა, კარგად აღსაქმელია“, – ამბობს ფესტივალის დირექტორი.

 

საერთაშორისო ფესტივალის დევიზია - “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, მშვიდობა ქვეყანასა ზედა და კაცთა შორის სათნოება“. წელს ფესტივალში მონაწილეობას 50-მდე ფილმი მიიღებს, მათ შორის ბელორუსიიდან, უკრაინიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან... ამ ხუთი წლის განმავლობაში, ფესტივალში მონაწილეობა მიღებული აქვთ ისეთ ქვეყნებში შექმნილ ფილმებს, რომლებიც ტრადიციული მართლმადიდებლური ქვეყნები არ არიან. მაგალითად, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო იაპონიაში, თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნილი ფილმები.

 

“ფესტივალი საქველმოქმედოა და ალბათ, ერთადერთია საქართველოში, რომელზეც  არ გაიცემა ხელფასები და არ ხდება ჰონორარების გამოწერა. ამ ფესტივალის ძირითადი იდეა არის სულიერი კათარზისი – გვინდა ადამიანებს მივაწოდოთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია სულიერებაზე. გარდა ამისა, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ თემატიკაზე საქართველოში მუშაობენ, ფესტივალის დაარსებამდე არ ჰქონდათ არანაირი საშუალება, რომ თავიანთი ნამუშევარი ფართო საზოგადოებისთვის წარედგინათ. ვფიქრობ, მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალის დაარსებით ჩვენ ეს ნიშა შევავსეთ“, – აცხადებს მათე ტაკიძე.

 

გარდა ამისა, ფესტივალი მთელი წლის განმავლობაში მოძრაობს – ძირითადი ფესტივალის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ეპარქიებში (რაიონებში, ქალაქებში) გამარჯვებული ფილმების სამდღიან ჩვენებას აწყობს. მსურველებს ფილმების ნახვა უფასოდ, ბილეთების გარეშე შეუძლიათ.

 

ფესტივალმა ბოლო ასეთი ჩვენება მესტიაში გამართა – “დაახლოებით 25 დღის წინ, ფესტივალზე გამარჯვებული ფილმები მესტიაში ვაჩვენეთ. მესტიის კინოდარბაზში, ფართო ეკრანზე ფილმი 20 წელია არ უჩვენებიათ. იქ აპარატურა ჩავიტანეთ. ადგილზე მესტიის გამგებელმა, გოჩა ჭელიძემ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია, რისთვისაც მადლობას ვუხდი. მესტიელებისთვის მართლმადიდებლურ თემატიკაზე გადაღებული ფილმების ასე ერთობლივად ნახვა, იყო ძალიან დიდი შვება და სიამოვნება.

 

ბათუმში ძირითადი ფესტივალის დასრულების შემდეგ ჩვენებას რუსთავში მოვაწყობთ. გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ ფესტივალი არა მხოლოდ საქართველოში უნდა მოძრაობდეს. სამომავლოდ იგეგმება ფესტივალის იმ ქვეყნებში ჩატარება, რომლებშიც დიდი ქართული დიასპორებია. ამ ეტაპისთვის ელჩებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს“.

 

ამასთან, გასულ წლებში, ფესტივალებზე გამარჯვებული ფილმები გადის აჭარის ტელევიზიის და საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის “ერთსულოვნებას“ ეთერში.

 

წელს ფესტივალზე გამარჯვებული ფილმები სულ შვიდ ნომინაციაში გამოვლინდება. ფესტივალის მთავარი პრიზია ბრინჯაოში შესრულებული, მოოქროვილი წმინდა ანდრიას ჯვარი.

 

როგორც მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დირექტორმა გვითხრა, ფესტივალის ჩატარების ადგილად ბათუმი შემთხვევით არ აურჩევიათ:

 

“გამომდინარე იქიდან, რომ წმინდა ანდრიამ პირველად აჭარაში იქადაგა, ძირითადი ფესტივალის ჩატარების ადგილად ბათუმი შევარჩიეთ. პირველი ფინანსური დახმარება აჭარის ა/რ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ გაგვიწია და დღემდე, ფესტვალის ძირითად ნაწილს სწორედ ეს უწყება აფინანსებს. გარდა ამისა, ფინანსურად სხვადასხვა ორგანიზაციები გვეხმარებიან. რომ არა კეთილი ადამიანები, ბუნებრივია, ეს ფესტივალი ვერ შედგებოდა“.

 

18–ში გახდება ცნობილი ვინ არიან ის კეთილი ადამიანები, რომლებიც ფესტივალს ფინანსურად ეხმარებიან და კიდევ ისინი, ვისაც ფესტივალის ორგანიზატორები სპეციალურ პრიზს გადასცემენ:

 

“ფესტივალი ყოველწლიურად წმინდა მამაის ხატით აჯილდოვებს ადამიანს (ოღონდ გარდაცვალების შემდეგ), რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის კინოს, ლიტერატურის, ხელოვნების სფეროში, ან ზოგადად ქართულ საქმეში. ყოველწლიურად გამოვცემთ კატალოგს, რომელშიც იმ ფილმების შესახებაა მოთხრობილი, რომლებმაც სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვეს. წლევანდელი კატალოგი განსაკუთრებულია, როგორც ვიზუალურად, ასევე შინაარსობრივად.

 

სპეციალურად ამ კატალოგისთვის დაიწერა წმინდა ანდრიას ხატი, რომელიც რელიეფურია და  ყდაზე იქნება მოთავსებული; კატალოგის მხატვარი ჯემალ ხიმშიაშვილია, ხოლო ჭედურობა ირაკლი წულაძემ შეასრულა. მადლობას ვუხდი გამომცემლობა “მინიატურას“,  რომელიც კატალოგზე მუშაობდა. საიუბილეო კატალოგში შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას მთელი 5 წლის განმავლობაში ჟიურის, ორგანიზატორების, დამფინანსებლების, რეჟისორების შესახებ...“