ოქტომბრის მუსიკალური სუსხი

ოქტომბრის მუსიკალური სუსხი

ოქტომბრის პირველი ნახევარი იმდენად აღსავსეა ისტორიული მოვლენებითა და პარალელებით, რომ შეიძლება წელიწადის ვერცერთ სხვა დროში ვერ მივაკვლიოთ ამდენ საინტერესო ამბავს. რომელი ერთით დავიწყოთ. მაგალითად ამ პერიოდში Iron Maiden-მა არსებობის 30 წლის მანძილზე სამი ალბომი ჩაწერა, Nirvana-მ ორი, ხოლო Van Halen-ის ორი უმნიშვნელოვანესი მიმღერალი - დევიდ ლი როტი  და სემი ჰაგარი, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, დაბადების დღეებს აღნიშნავენ. 

 

დაბადების დღეებიო, ვახსენეთ, და საიდან დავიწყოთ, ესეც დამაფიქრებელია. მოდით, უპირველეს ყოვლისა აღვნიშნოთ, რომ შორეულ 1813 წელს, გამოჩენილი იტალიელი კომპოზიტორი - რიგოლეტოს, დონ კარლოსის, აიდას, ოტელოს და სხვა დიდებულ ნამუშევართა ავტორი - ჯუზეპე ვერდი დაიბადა. მაშინ, ელექტროინსტრუმენტების არარსებობის პერიოდში ვინ წარმოიდგენდა, რომ დაახლოებით საუკუნენახევრის შემდეგ, ვერდის კალიბრის მუსიკოსის ფუნქციებს მუსიკალური თვალსაზრისით ხშირად გაუნათლებელი ხალხიც კი იტვირთავდა, რასაც კლასიკური მუსიკის მოყვარულთა გაღიზიანება დღემდე - 21-ე საუკუნეშიც, არცთუ უსაფუძვლოდ მოჰყვება...

 

მაინც ვინაა ეს ხალხი, ვინაა დღევანდელი სამყაროს მუსიკალური ლიდერები, რამ გამოიწვია საზოგადოების სრულიად განსხვავებული წარმომადგენლების მათი შემოქმედებით გაგიჟება მთელს პლანეტაზე? ვინა და მაგალითად ჯონ ლენონი, რომელსაც წლეულს 70 წელიწადი შეუსრულდებოდა და რომლის სახელთანაც დაკავშირებულია The Beatles და სამწუხაროდ იოკო ონო. ჯონის იაპონელმა მეუღლემ, რომელიც ლეგენდარულმა ბითლმა 1966 წელს ლონდონის სამხატვრო გალერეაზე გაიცნო, შონ ონო ლენონი უკვე 1975 წლის 9 ოქტომბერს გააჩინა...

 

საბჭოთა მსმენელის თვალში “ბინძურ კაპიტალიზმთან მებრძოლი” ლენონი, თუნდაც ერთი თაობიდან გამომდინარე გაიგიავებული იყო მაგალითად ჯო დასენთან, ან კლიფ რიჩარდთან, რომელიც თავის მხრივ ხშირად “როლინგ სთოუნზის” წევრად მოიაზრებოდა კიტ რიჩარდის ტელეეკრანებზე არარსებობის გამო...

 

ჯო დასენის ბაბუა თურმე ოდესელი ებრაელი ყოფილა და რომ არა მისი საფრანგეთში ემიგრაცია, სავსებით შესაძლებელია, რომ მომღერალი საბჭოთა კავშირში დაბადებულიყო და День победы ემღერა. ჯო დასენის მუსიკალური რეპერტუარი ძირითადად საესტრადო და ფრანგულენოვანია, თუმცა ტონი ჯო უაიტთან ერთად ჩაწერილი ინგლისურენოვანი ბლიუზური ყაიდის ალბომის შესახებ, რომლის შესახებაც ბევრმა არაფერი უწყის, საკმაოდ საყურადღებოა სერიოზული მუსიკის მსმენელისათვის არა მაინცდამაინც იმის გამო, რომ იგი ჯო დასენის სიცოცხლეში უკანასკნელი აღმოჩნდა...

 

რაც შეეხება კლიფ რიჩარდს, 60-იან წლებში მას ბრიტანელ ელვისს უწოდებდნენ და სავსებით სამართლიანად. ჩვენთვის იგი ცნობილი უფრო ფილმით “კლიფ რიჩარდი ლენინგრადში” და შესანიშნავი ჰიტით “Devil Woman” შეიქმნა.

 

ერთი კია, რომ მიუხედავად საბჭოთა ეკრანებზე შემოჭრისა, ყოველთვის გაკვირვებას იწვევდა როგორც ჯო დასენის, ასევე კლიფ რიჩარდის მილეული და თითქოს აცრემლებული თვალები, თუ ეს მაშინდელი გადაღების ტექნიკის ნაკლოვანება იყო? არამც და არამც, იმიტომ რომ ასეთი თვალები სამყარომ პირველად 1964 წელს ერიკ ბარდონზე შენიშნა, რომელიც ზეგრძნობით ასრულებდა The House Of The Rising Sun-ს თავის სამ გონზე არმყოფ პარტნიორთან ერთად, რაც Animals-ის უკვდავი სადებიუტო ალბომის გამოსვლასა და მომავალში ნარკოტიკებით გამოწვეულ არაერთ როკ-მსხვერპლს წინასწარმეტყველებდა  თუნდაც ჯიმ მორისონის სახით, რომელმაც ამერიკული მუსიკისა და ზოგადად მე-20 საუკუნის ახალგაზრდის ახალი ფენომენი შექმნა თავისუფალი და მეამბოხე სულით, შეუპოვარი სიჯიუტითა და სამწუხაროდ ამპარტავნებით, რაშიც იგი თვით ჯონ ლენონსაც არ ჩამორჩა...

 

ჯენის ჯოპლინი გაცილებით “უმანკო” მსხვერპლი იყო. მას და ჯიმ მორისონს ეცოდებოდათ “ჯეფერსონ ეირპლეინის” გრეის სლიკი. ასეთი დოზები წარმოუდგენელიაო - ამბობდნენ. მაგრამ ჯენისი და 1 წლის შემდეგ კი ჯიმიც, სწორედ რომ ამ პერიოდში აღესრულნენ, ხოლო გრეის სლიკი კი დღესდღეობით მემუარებს წერს და ღმერთმა კიდევ დიდ ხანს აწერინოს.

 

ოქტომბრის პირველ ნახევარში გრეის სლიკის უდიდესი მიმდევარის - ჰოლანდიური “შოქინგ ბლუ”-ს უნგრული წარმოშობის ბოშა მომღერლის - მარიშკა ვერეშის იუბილე აღინიშნება. მას წლეულს 63 წელი შეუსრულდებოდა. მარიშკა 4 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ “შოქინგ ბლუ”-ს ჰიტი “Venus” როკ-მუსიკის ყველა თაობის საყვარელ სიმღერადაა ქცეული. 1970 წლის ერთ მშვენიერ დღეს მუსიკოსებმა გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ ამერიკის ყველაზე პოპულარულ ჯგუფს წარმოადგენენ...

 

ასევე 1970 წელს გამოდის Led Zeppelin III, რომელიც სულ რამოდენიმე დღეში “ოქროს” ჩანაწერად იქცევა. როკ-მუსიკის არაერთი გურმანის აზრით სწორედ ამ ალბომმა წარმოაჩინა საუკეთესოდ Led Zeppelin-ის მუსიკალური მრწამსი “შავი-თეთრი” ბალანსირების  თვალსაზრისით. ალბომი იხსნება 2 წუთიანი მძლავრი როკ-ნ-როლით, მას მოსდევს ფსიქოდელიური Friends, შემდეგ საზეიმო ჰარდ-როკული კომპოზიცია და უკვდავი ბლიუზი Since I've Been Loving You - რობერტ პლანტის და ზოგადად როკ-მუსიკის ვოკალის ახალი სიტყვა მსოფლიო ვოკალური მუსიკის საგანძურში (თუმცა ჯენის ჯოპლინის საკმაო დამსახურებით).

 

დისკის მეორე გვერდი უფრო თეთრ ფოლკურია და ქანთრის ელემენტებსაც მოიცავს. ალბომი ბოლოვდება ფსიქოდელიური აკუსტიკური ბლიუზით, რომელსაც მსგავსი არ გააჩნია როკ-მუსიკაში და საკვირველია რომ ჩვენში ლეგენდარული ჯგუფის თაყვანისმცემელთა ფართო სპექტრის მიუხედავად, რატომღაც არ შემხვედრია კომპოზიციის - Hats Off To Roy Harper მოყვარული ან რადიოეთერში მთხოვნელი მსმენელები...

 

1970 წლის ოქტომბერი Pink Floyd-თვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ჯგუფმა ალბომი Atom Heart Mother გამოსცა ალბომის პირველ გვერდზე ამავე სახელწოდების კლასიკურ, როკულ, გუნდურ, ფსიქოდელიური კომპოზიციით. ალბომი მნიშვნელოვანია იმით, რომ ოთხეულმა საკუთარ თავში საბოლოოდ ირწმუნა ძალები ჯგუფიდან სიდ ბარეტის წასვლის შემდეგ და ზემოთნახსენები კომპოზიციიდან გამომდინარე, გაზარდა საკონცერტო საშემსრულებლო პოტენციალი.

 

1975 წელს კი გაცილებით “რაფინირებული” Wish You Were Here ჩაუდგა ჩარტებს სათავეში. ლეგენდარულ ჯგუფთან დაკავშირებული მესამე მოვლენა კი არა Pink Floyd-ს, არამედ 80-იანი წლების ეპოქას აკნინებს მთლიანობაში. საქმე ისაა, რომ Dark Side Of The Moon დღიდან გამოსვლისა 15 წლის განმავლობაში ხან ლიდერობდა, ხან ზედა საფეხურებზე, ხან უბრალოდ იმყოფებოდა ბილბორდის ასეულში. 1988 წელს კი ამ ასეულს მიღმა აღმოჩნდა. სამაგიეროდ ამავე დროს Def Leppard-ის “Love Bites” მოექცა ბილბორდის სათავეში. ასე რომ დრონი მეფობენო ნათქვამია. თუკი 80-იანი წლების მეორე ნახევარში Def Leppard -მა ითავა როკ-ფლაგმანობა, 70-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული ამას Queen და  Sweet ახორციელებდნენ.

 

1980 წელს ჰიტ-პარადების სათავეში ფანკური ყაიდის Another Dust Of The Beast მოექცა ალბომიდან The Game, რომელიც Queen-ს საკვირველად როკული გამოუვიდა მსოფლიო პოპ საუნდის გადისკოვების მიუხედავად. ჩვენში ჯგუფის მოყვარულებს ამ ალბომიდან უფრო მეტად კიდევ ერთი ჰიტი Crazy Little Thing Called Love და Play The Game აღაფრთოვანებს. ალბომი ერთგვარი გამოძახილია ერთი წლის წინათ ჩაწერილი გრანდიოზული საკონცერტო ალბომისა და შედეგია იმ ორწლიანი სტუდიური შესვენებისა, რამაც ახალი ძალითა ენერგიით შთაბერა ჯგუფი ამ შესანიშნავი ალბომის ჩასაწერად.

 

Sweet კი ამ დროისათვის უკვე დღეებს ითვლიდა, რადგან “ეს ესტრადაა”-დან ჩვენს ცნობიერებაში აღბეჭდილი მათი განუმეორებელი ვოკალისტი ბრაინ კონელი უკვე წასული იყო ჯგუფიდან. ჯგუფმა წარსულის დიდებული დღეები 1975-76 წლებში ჩატოვა, ხოლო კონელი კი 1997 წელს გარდაიცვალა.

 

ოქტომბრის თვე სიმბოლურია მსოფლიოს უდიდეს როკ-ტრიოსთან მიმართებაში. 1970 წლის 1 ოქტომბერს (გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ) სიეტლში დაკრძალეს ჯიმი ჰენდრიქსი. ამავე დღეებში სულ რაღაც ოთხიოდე წლის წინათ კი ლონდონში ჩამოყალიბდა The Jimi Hendrix Experience, რომლის არცერთი მუსიკოსი დღესდღეობით აღარაა ცოცხალი.

 

სამაგიეროდ დიდი წარმატებით მოღვაწეობს კიდევ ერთი დიდი ტრიოს ბასისტი და მომღერალი გრეგ ლეიკი, რომელმაც იუბილე საკუთარ თავს Emerson, Lake & Palmer-ის ხელახალი გაერთიანებით მიულოცა. ახალ სტუდიურ ალბომზე ჯერჯერობით საუბარი არ არის, თუმცა ლეგენდარული მუსიკოსების ერთად ხილვა რომ დიდი ამბავია, ეს ყველამ კარგად უწყის. გრეგ ლეიკმა სახელი Emerson, Lake & Palmer-მდე The Gods -ში გაითქვა, სადაც მასთან ერთად Urih Heep-ის გამოჩენილი მუსიკოსები კენ ჰენსლი და ლი კერსლეიკი უკრავდნენ, შემდეგი ეტაპი კი King Crimson-ის პირველი ორი ალბომი იყო. სწორედ ჯგუფიდან გრეგ ლეიკის წასვლის შემდეგ ეწვია ელტონ ჯონი ვიზიტით რობერტ ფრიპს, ამიყვანე შენს ჯგუფშიო, რაზედაც უარი მიიღო...

 

ცოტა ხანში ელტონ ჯონი ჰოლივუდის დიდების დარბაზის პირველი როკ-მანათობელი შეიქმნა! ასეთი რამ მას ნამდვილად არ ელოდა King Crimson-ში აღმოჩენის შემთხვევაში. 1973 წელს ელტონ ჯონი ჩარტებში გამარჯვებულ ორ დისკიან «ოქროს» ჩანაწერ «Goodbye To Yellow Brick Road»-ს გამოსცემს.

 

1970 წელს კი ენდრიუ ლოიდ უებერისა და ტიმ რაისის როკ-ოპერის “Jesus Christ Superstar”-ის დებიუტი შედგა ბროდვეიზე ზუსტად იმ შემადგენლობით, რომელიც ყველაზე ძვირფასია ამ ოპერის მოყვარულთა ფართო სპექტრისთვის. სამწუხაროდ მისი ამსახველი ვიდეო მასალა არ არსებობს, თუმცა ცნობილია რომ დადგმამ მაინცდამაინც ვერ ივარგა და დიდი ღირებულება ვერც ექნებოდა ჩანაწერს არსებობის შემთხვევაში.

 

ოქტომბრის პირველი ნახევრის მოვლენათა აღწერას დიდი ბლიუზმენით - სტივ რეი ვოენით დავასრულებთ, რომელსაც წლეულს 56 წელი შეუსრულდებოდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რიტმ ენდ ბლიუზის სამყაროს მსგავსი შესაძლებლობისა და გაქანების მუსიკოსი მანამდე ათწლეულების განმავლობაში და შემდეგაც არ ჰყოლია. ალბერტ კინგის გიტარული სკოლის მიმდევარი, იგი იზიარებდა ჯიმი ჰენდრიქსის მუსიკალურ ხედვას, რასაც შეჰმატებდა ქანთრი ბლიუზზე აგებულ საკუთარ განუმეორებელ ხელწერას.

 

ხოლო ჯიმი ჰენდრიქსის Voodoo Chile, Come On და Little Wing მისებრი ქავერები დღემდე ინტერესს იწვევს როგორც გიტარული, ასევე ვოკალური თვალსაზრისით. საინტერესო ისაა, რომ სტივ რეის მუსიკალურ არენაზე გამოჩენა 80-იანი წლების შუა პერიოდს უკავშირდება, როდესაც საყოველთაო იდეური კრიზისი თვით ბლიუზურ სცენასაც კი ოდნავ მაინც შეეხო, სადაც ოდენ ისეთი დიდი ფიგურები კიაფობდნენ, როგორიც “ტელეკასტერის ოსტატი” - ოქტომბრის კიდევ ერთი დიდი იუბილიარი - ალბერტ კოლინზია.