"დარწმუნებული ვართ, რომ საარჩევნო კამპანია შესაბამის დონეზე ჩატარდება"

ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, 2016 წლის საპარალმენტო არჩევნები იქნება პირველი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ, რაც მისი შეფასებით მნიშვნელოვანი პროცესია.

სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს იმედი აქვს, რომ 2016 წლის არჩევნები შესაბამის დონეზე ჩატარდება და მისი შედეგები აღაირებული იქნება.

ამასთან, როგორც ჰანმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ევროკავშირი აფასებს იმ რეფორმებს, რაც საქართველომ გაატარა და მომავალშიც გაატარებს სასამართლო ხელისუფლების კუთხით.

"საარჩევნო კამპანია იქნება პირველი, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ჩარჩოებში იმართება და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამის დონეზე ჩატარდება არჩევნები და მისი შედეგები აღიარებული იქნება. ჩვენ ვაფასებთ და ხაზს ვუსვამთ საქართველოს შემდგომ წინსვლას სასამართლოს რეფორმირების პროცესით და ხაზს ვუსვამთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ამასთან, ამ მიმართულებით უნდა გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა. ყველა ის საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ მოითხოვს დამატებით მუშაობას შესრულებული იქნება. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებაზე საუბარი რთული იქნება, თუმცა ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ ნიშნებს და დარწმუნებული ვარ, რომ დადებითი იქნება პასუხი აღნიშნულ კითხვაზე. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.