პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ის ოპოზიციასთან სასაუბროდ ყოველთვის მზად არის.
მანამდე, ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი დაინტერესდა, თუ რა ვადებში და რა ფორმატში იქნებოდა შესაძლებელი საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე სასაუბროდ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან უმრავლესობის შეხვედრა.
„საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ ჩვენ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად პრეზიდენტის ეგიდით მოვაწერეთ ხელი ჩვენს ვარიანტს. რაც შეეხება თქვენს ვარიანტს, ჩვენ ეს მედიით გავიგეთ. აპირებთ თუ არა თქვენ რაიმე სახის კონსულტაციას საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან და თუ აპირებთ, რა ფორმატში და რა ვადებში აპირებთ. გუშინ გვქონდა საუბარი არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. მანამ წაბრძანდებობდა, ირაკლისთანაც გვქონდა საუბრაი და გვაინტერესებს თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით“, - მიმართა მაჭავარიანმა უსუფაშვილს.
ამაზე პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საპარლამენტო ოპოზიციასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის ხელმძღვანელთან ის პირადად, თვეების განმავლობაში იმყოფებოდა და იმყოფება კონსულტაციების რეჟიმში და ამაზე მათთვის ძალიან ბევრი პერიპეტიაა ცნობილი.
„მე ამ საკითხზე უმცირესობის ლიდერს ბოლოს დაახლოებით ერთი კვირის წინ ვესაუბრე. მე მზად ვარ თქვენც გესაუბროთ. თუ კიდევ ვინმეს ინტერესი აქვს „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ვესაუბრო. ასე, რომ მზად ვართ ამ საუბრისთვის. დღესვე, მაგალითად შესვენების დროს მზად ვარ ჩვენ შევხვდეთ. გნებავთ მე და თქვენ, გნებავთ სხვა ფორმატი ბრძანეთ და ვისაუბროთ ამ თემაზე. ამ თემაზე საუბარს არასდროს ვთვლით ზედმეტად და არც ახლა ვთვლი“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.