"ვროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას განცხადებით, ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებულად ნეგატიურად რუსთავზე აისახა, რასაც მოგვარება სჭირდება.
დავითაია რუსთავის მთავრობას ამ სიტუაციიდან გამოსავალს სთავაზობს და აცხადებს, რომ მისმა ორგანიზაციამ ხუთპუნქტიანი გეგმა შეიმუშავა.
"ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უნიათო მართვამ, რთული კრიზისული სოციალ-ეკონომიკური პირობები შექმნა. ეკონომიკური კრიზისი, ლარის კურსის დევალვაცია, რიგი საწარმოების დახურვა და სხვა საწარმოების დახურვის პირას დგომა, იწვევს ქალაქ რუსთავში უმუშევრობის ზრდას და საზოგადოების ლუმპენიზაციას. იქმნება აუცილებლობა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სოციალური სოლიდარობის პროგრამა შეიმუშაოს, რომელიც მიმართული უნდა იყოს, პირველ რიგში ისეთი ღონისძიებების გატარებაზე, რომ ყველა ზემოთთქმული კრიზისული მოვლენა მოგვარდეს. ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებულად ნეგატიურად აისახება რუსთავზე, რადგანაც ჩვენი თანამოქალაქეების შემოსავლის ლომის წილი, დამოკიდებულია საწარმოების მუშაობაზე, შეიძლება ითქვას, რომ ყველა დანარჩენი სფერო დამოკიდებულია ქალაქში საწარმოების გამართულ მუშაობაზე. ამისთვის კი ის სისტემა, რომლითაც დღესაც მუშაობს ქალაქის ადმინისტრაცია, იმდენადაა მორალურდ გაცვეთილი, რომ საკუთარ თავში ატარებს ქალაქის განვითარების შემაკავებელ ფაქტორებს. ჩვენ "ევროპელი დემოკრატები" ქალაქ რუსთავის ხელისუფლებას ვთავაზობთ - არსებული კანონმდებლობიდან და ქალაქის მუნიციპალური დებულებიდან გამომდინარე, ჩატარდეს სამუშაოები, რათა ეფექტურად ამუშავდეს მუნიციპალური სტრუქტურები, მოხდეს 2015 წლის ქალაქის ბიუჯეტის კორექტირება და არსებული რეალობის შესაბამისობაში მოყვანა, გადაიხედოს ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები და აქცენტი აღებული იყოს ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომელიც შექმნის მეტ სამუშაო ადგილებს და მოიზიდავს ინვესტიციებს, განსაკუთრებით შიდა ინვესტიციებს, არსებული რეალობებიდან გამომდინარე, შემუშავდეს ახალი, ან ჩასწორდეს ქალაქ რუსთავის სტრატეგიული განვითარების გეგმა, საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისა და მათი პროცესებში ჩართვის მიზნით საკრებულოს სხდომები გადაიცეს ონლაინ რეჟიმში და გამოქვეყნდეს ყველა სამსახურის ელექტრონული მისამართი, მოსახლეობასთან ყოველდღიური ინტენსიური კავშირის ქონის მიზნით", - განაცხადა დავითაიამ რუსთავში გამართულ პრესკონფერენციაზე .
მისივე თქმით, შეთავაზების ხუთივე პუნქტი ორგანიზაციას ღრმა ანალიზისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით დამუშავებული აქვს, რასაც უახლოეს მომავალში რუსთავის მოსახლეობას გაუზიარებენ.