სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რუსეთი 2017 წლამდე კურორტ გაგრის განვითარებისთვის 1,3 მილიარდი რუბლის ჩადებას აპირებს. ამის შესახებ საუბარია რუსეთის კავკასიის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
"მთლიანობაში, საკურორტო ქალაქ გაგრის განვითარებისთვის 2017 წლამდე 1,3 მილიარდი რუბლი იქნება ინვესტირებული", - განაცხადა მინისტრმა ლევ კუზნეცოვმა, რომელიც სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.
მისი თქმით, აფხაზეთის, როგორც ტურისტული ცენტრის განვითარებას, ხელს უშლის ისეთი პრობლემები, როგორიცაა ელექტროენერგიის გათიშვა. "ამ დროისთვის ქალაქის მთავარ ქვესადგურზე, რომელიც 1957 წლიდან მუშაობს, ყველა დანადგარი შეცვლას საჭიროებს. ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ სამუშაოები - 2016 წლამდე 250 მილიონი რუბლი დაიხარჯება ქვესადგურის მოდერნიზებისთვის", - განაცხადა რუსმა მინისტრმა.