პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
კონსტიტუციურ პროცედურებთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილმა დღეს შემდეგი განმარტებები გააკეთა: - პრემიერ-მინისტრს აქვს ექსკლუზიური უფლება, ვაკანტურ თანამდებობეზე დანიშნოს მინისტრები. დანიშვნის შემდგომ, რაც მთავრობა განახლებულ სახეს მიიღებს, საქმეში პარლამენტი ერთვება. ჩვენი კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრს ორკვირიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი მინისტრები შეარჩიოს. მთავრობა განახლებულად ითვლება, როცა ახალი მინისტრები თანამდებობებზე დაინიშნებიან. განახლებულ მთავრობას უკვე პრეზიდენტი წარმოუდგენს პარლამენტს. ჩვენს გვაქვს 7-დღიანი ვადა ამ საკითზე ჩამოსაყალიბებლად და გადაწყეტილების მისაღებად.
უსუფაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების ვალდებულება კონსტიტუციაში მოქმედი პარლამენტის გადაწყვეტილებით აღდგა, რადგან მანამდე კონსტიტუცია ითვალისწინებდა, რომ მინისტერები დაუსრულებლად შეიძლებოდა შეცვლილიყო და პარლამენტს პირველი ნდობის გაცემის შემდეგ არაფერი ეკითხებოდა.
"კონსტიტუციაში ჩვენს მიერ დაბრუნებული ეს დემოკრატიული მექანიზმი ამ დღეებში ამუშავდება, რაც ძალიან კარგია", - დასძინა დავით უსუფაშვილმა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის გადადგომა მთავრობის დაშლასა და პარლამენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადებას იწვევს.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას პარლამენტისგან ხელახალი ნდობის მიღება მისი თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლის შემთვევაში სჭირდება. მინისტრთა კაბინეტი პრემიერ-მინისტრის ჩათვლით 20 წევრით არის წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერს ჰქონდა შესაძლებლობა მთავრობაში ექვსი მინისტრი საკუთარი გადაწყვეტილებთ შეეცვალა, მეშვიდე მინისტრის ცვლილებების შემთხვევაში კი, კაბინეტი იშლება და მისი ნდობის საკითხი პარლამენტში დგება. ლევან ყიფიანი მთავრობიდან წასული მეშვიდე მინისტრია.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. თავის მხრივ პრეზიდენტისთვის პრემიერის კანდიდატურა წარდგენილი უნდა იყოს უმრავლესობის მიერ (არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ), ხოლო მინისტრობის კანდიდატურები - პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის მიერ, რაც ამ ერთი კვირის ვადაში უნდა მოესწროს.
საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში – მთავრობის სხვა წევრებს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება.