გივი მიქანაძე რადიკალებზე: ეს ადამიანები ქვეყნის საწინააღმდეგოდ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის საპირისპირო მიმართულებით მოქმედებენ იმიტომ, რომ ისინი მოქმედებენ გარე ძალების ინტერესებიდან გამომდინარე

გივი მიქანაძე რადიკალებზე: ეს ადამიანები ქვეყნის საწინააღმდეგოდ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის საპირისპირო მიმართულებით მოქმედებენ იმიტომ, რომ ისინი მოქმედებენ გარე ძალების ინტერესებიდან გამომდინარე

ეს ადამიანები ქვეყნის საწინააღმდეგოდ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის საპირისპირო მიმართულებით მოქმედებენ იმიტომ, რომ ისინი მოქმედებენ გარე ძალების ინტერესებიდან გამომდინარე, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ რადიკალებთან დაკავშირებით.

მან ასევე ისაუბრა მამუკა ხაზარაძისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ამ ადამიანების ქმედებები წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული ნაბიჯებია, ვინაიდან საზოგადოების გარკვეული ნაწილი გაბრაზდეს და ეს მუხტი არ ჩაქრეს.

„ისინი დამოუკიდებლად დიდი ხანია არ მოქმედებენ, ეს ჩანს ცალსახად იმიტომ, რომ თუნდაც გავიხსენოთ წინასაარჩევნო პერიოდი. ამ ადამიანებს არაფერი ჰქონდათ სათქმელი საკუთარი ხალხის წინაშე. ისინი გარბოდნენ და უცხოეთში საკუთარ პატრონებს ესაუბრებოდნენ. არანაირი წინასაარჩევნო კამპანია ამათ არ ჩაუტარებიათ. არჩევნების შემდეგაც, იმის მაგივრად, რომ მათ ხალხთან ესაუბრათ, ამის ნაცვლად ისინი კვლავ თავის პატრონებთან დარბოდნენ და იქ სთხოვდნენ, რომ დაუწესეთ სანქციები, გამოიყენეთ მაქსიმალური წნეხი, ყველანაირად შეეცადეთ, რომ მუხტის გაღვივებას ხელი შეუწყოთ იმისთვის, რომ პროცესები წარიმართოს იმ მიმართულებით, რომლითაც რადიკალური ფრთა გარკვეულწილად მოგებაში აღმოჩნდებოდა. ზუსტად ეს არის განსხვავება „ქართულ ოცნებასა“ და რადიკალებს შორის.

„ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარი ხალხისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე. ჩვენ ვსაუბრობთ ხალხთან, ჩვენ ვატარებთ ქვეყნის ინტერესებს. ეს ადამიანები ქვეყნის საწინააღმდეგოდ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის საპირისპირო მიმართულებით მოქმედებენ იმიტომ, რომ ისინი მოქმედებენ გარე ძალების ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ხედავენ გარე ძალები, რომ მუხტი არ აიწია. ეს მუხტი არის ჩაქრობის პირას. სულს უბერავენ, მაგრამ არაფერი გამოსდით. თქვენ ნახეთ სრულიად შინაარსისგან დაცლილი და უსაფუძვლო რეზოლუცია, სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც გასულ კვირას ევროპარლამენტმა მიიღო. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში, საზოგადოების უდიდეს ნაწილში ამ რეზოლუციას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია იმიტომ, რომ საზოგადოება ძალიან კარგად აცნობიერებს როგორი ორმაგი სტანდარტებით და უსამართლოდ გვიდგებიან კონკრეტული ძალები თავისი ინტერესების გასატარებლად. სწორედ ამიტომ, როგორც ჩანს, ერთ-ერთ მიზნად დაისახა ასეთი პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმა, რომ ეს ადამიანები წარდგნენ სასამართლოს წინაშე, პასუხისგებაში მიეცნენ და ამის საფუძველზე იქნებ საზოგადოების გარკვეული ნაწილი გაბრაზდეს და ეს მუხტი არ წაიშალოს, არ ჩაქრეს. ეს არის მთელი მოცემულობა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.