ლევან ყიფიანმა გადადგომა დაადასტურა

ლევან ყიფიანმა გადადგომა დაადასტურა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობას ტოვებს. ყიფიანმა გავრცელებული ინფორმაცია სპეციალურ ბრიფინგზე დაადასტურა. ბრიფინგი ყიფიანმა ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონობის მილოცვით დაიწყო.საგანგებო განცხადების გაკეთებამდე ყიფიანმა 2 წლის განმავლობაში სამინისტროს გაწეულ საქმიანობაზე ვრცლად ისაუბრა. "სამინისტრომ არაერთხელ დაიცვა თავისუფლების იდეა"-განაცხადა ყიფიანმა.

ლევან ყიფიანი მოქმედ მთავრობაში უკვე მეშვიდე მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა, შესაბამისად მინისტრთა კაბინეტი დაშლილია და მთავრობის ახალი შემდეგენლობა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. შემდგენლობას საკანონმდებლო ორგანოს ფრაქციებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ პრეზიდენტი წარუდგენს.