ახლა არ იქნება მართებული, შეფასებები გავაკეთოთ რიგის სამიტის შედეგების შესახებ, - ეს კომენტარი საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა რადიო "თავისუფლების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვითაც, რიგის სამიტმა შესაძლოა, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას იმედებს გაუცრუოს.
"რა თქმა უნდა, მომავალი რიგის სამიტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. ჩვენ ვმუშაობთ სამიტის დოკუმენტზე. ექვსი მონაწილე ქვეყნისა და ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ლიდერები რიგაში შეხვდებიან ერთმანეთს და მიიღებენ გადაწყვეტილებას ყველა ამ საკითხზე" - აღნიშნა ჰერმანმა.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანის მიერ დოკუმენტის რატიფიცირების პროცესი დასრულდება, დაიწყება მისი იმპლემენტაცია.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, იანოშ ჰერმანის თქმით, ახლა მიმდინარეობს ტექნიკური შეფასების პროცესი იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებს საქართველო იმ მოლოდინებს, რასაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს.
"ევროკომისია ძალიან მალე გამოაქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც აღნიშნული იქნება ამ კუთხით საქართველოს მიღწევები. მე როგორც ამ პროცესის მონაწილეს, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ძალიან ბევრი მიღწევა აქვს, ამიტომაც ვფიქრობ, რომ შეფასების ანგარიში იქნება პოზიტიური. როდესაც კომისია დაასრულებს მუშაობას, შემდეგ დაიწყება ამ პროცესის მეორე ეტაპი - განხილვები" - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.