"თბილისი მერიოტში" კონფერენციის- "საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და მდგრადი განვითარება" დაწყებდამდე კომენტარი ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრმა გააკეთა. ნოდარ ხადურმა ინვესტიციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში შარშან 1 272 000 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2008 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა:
"რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს, მე მოვახდენ უბრალოდ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის სიტყვების ციტირებას და საქართველოში არის ძალიან კარგი საინვესტიციო გარემო და ის მოუწოდებს ინვესტორებს, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და აქ განახორციელონ თავისი საქმიანობა. ამის ერთ-ერთი დასტურია ის, რომ სამ კვირაში თბილისში ჩატარდება მსოფლიო დონის ბიზნესფორუმი", - განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, შარშან საქართველოში 1 272 000 000 დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა და ეს არის რეკორდული მაჩვენებელი, რადგან 2008 წლის შემდეგ ამდენი უცხოური ინვესტიცია საქართველოში არ განხორციელებულა.
"შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ საქართველო არის ძალიან ცნობილი და ცნობადი. მე გეტყვით ერთსაც, ისეთი გიგანტი როგორიცაა Tata Power ასეთი ბრენდები, სამწუხაროდ, ცოტა შემოდის საქართველოში. ის სწორედ წელს შემოვიდა და დაიწყო ინვესტიციების განხორციელება ენერგოსექტორში. ანალოგიური ვითარებაა სხვა მიმართულებით, ასე რომ, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ იმედიანები ვართ ამ თვალსაზრისით", - განაცხადა ხადურმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, იანვრის შემდეგ თებერვალი იყო გაცილებით უკეთესი და მარტშიც საკმაოდ დამაიმედებელი მაჩვენებლებია.
"მე უბრალოდ არ გავუსწრებ მოვლენებს წინ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციას დაველოდები. მიუხედავად არსებული მძიმე მდგომარეობისა რეგიონში, რაც გამოწვეულია ძალიან ბევრი ფაქტორით, მათ შორის ეს არის არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, არამედ თუნდაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანასთან, ჩვენთან მოლოდინები საკმაოდ პოზიტიურია", - განაცხადა ხადურმა.