თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ის 10 მილიონი ლარი, რომელსაც ფონდი "ქართუ" გამოყოფს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბიუჯეტში, თავიდანვე საჭირო იყო.
როგორც ტყემალაძემ განაცხადა, თბილისის მერია აწარმოებდა მოლაპარაკებებს დონორ ორგანიზაციებთან და გადაწყდა, რომ ამ თანხას ოლიმპიადის ბიუჯეტში ფონდი "ქართუ" გადარიცხავს.
"ეს თანხა თავიდანვე იყო საჭირო. პერმანენტულად ხდება თანხების მოძიება. გარკვეული ხნის წინ გაიზარდა ბიუჯეტი 38 მილიონი ლარით. თბილისის მერია პერიოდულად აწარმოებს მოლაპარაკებებს დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამისად გადაწყდა, რომ ამ თანხას ფონდი "ქართუ" გადარიცხავს ოლიამპიადის ბიუჯეტში", - განაცხადა ტყემალაძემ.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე თბილისის მერიას და საქართველოს მთავრობას თბილისის ოლიმპიურ ფესტივალთან მიმართებაში არასერიოზულ და არაკომპეტენტურ მიდგომაში ადანაშაულებს. ამის შესახებ აბესაძემ ჟურნალისტებს იმ საკითხის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც ფონდი "ქართუ" თბილისის ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ბიუჯეტში 10 მილიონ ლარს გადარიცხავს. აბესაძის თქმით, ორი კვირის წინ 38 მილიონი ლარით გაიზარდა ოლიამპიადის ბიუჯეტი, თუმცა ახლა აღმოჩნდა, რომ ნაგვის გატანისთვის, ასფალტის მოწესრიგებისთვის კიდევ 10 მილიონი ლარი ყოფილა საჭირო.