ასეთი გახმაურებული მკვლელობები აღარ ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მთავარი ამოცანაა, დავუდგეთ გვერდში პოლიციელებს რესურსებით, - ამის შესახებ "იმედის კვირაში" "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
"გმირებს შესაბამისი წესით უნდა მოვექცეთ და ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ყველა რესურსი, რომ საკუთარი სამსახურეობრივი მოვალეობა შეასრულონ. მე მეტ აქცენტს გადავიტანდი, რომ მოხდეს უფრო ხშირი წვრთნები პოლიციელების, მეტი თანამედროვე აღჭურვილობა ჰქონდეთ. მხარდაჭერა სჭირდებათ საზოგადოების და სახელმწიფოს მხრიდანაც. დღეს სწორად აღნიშნა მინისტრმა და ვეთანხმები, რომ არ არის ახლა ის დრო, როდესაც მხოლოდ ვისაუბროთ არის თუ არა დემორალიზებული პოლიცია, არის თუ არა პრობლემები პროფესიონალიზმის კუთხით. დღეს მთავარი ამოცანაა, რომ მათ იგრძნონ ჩვენგან მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა უნდა იყოს კონკრეტიკაში გამოხატული _ მეტი რესურსი, მეტი აღჭურვილობა და მეტი უფლებებიც. არის პროცედურული ნაწილი, იგივე როგორ უნდა გამოიყენოს იარაღი, რაც ჩემი აზრით, უნდა იყოს მორგებული იმ გაზრდილ საფრთხეებზე, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, ხარძიანის შეკვეთილმა მკვლელობამ ყველაში, მისი ჩათვლით, უკიდურესი დაუცველობის განცდა გამოიწვია, რომ შეიძლება, ვიღაცას შეუკვეთონ შენი თავი და ეს საქართველოში უკვე შესაძლებელია. კითხვაზე, სიახლეა თუ არა მსგავსი რამ საქართველოში, ალასანია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ეს თვალსაჩინო გახდა.