შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლევან იზორიას ინფორმაციით, ცალსახად შეიძლება თქმა, რომ დღეს და გუშინ _ თბილისსა და ბორჯომში მომხდარ შემთხვევებში პოლიციელებს ერთი და იგივე პირმა ესროლა.
როგორც იზორიამ "იმედის კვირაში" განაცხადა, ეს არის ვინმე შალვა აბულაძე. "მადლობა რომ ასეთი დიდი ინტერესია ამ ფაქტისადმი, ეს დიდი თანადგომაა ჩვენი უწყებისა და მარგიშვილის ოჯახის მიმართ. გუშინ დაახლოებით 9 საათისთვის პოლიციელებმა მიმართეს რა პიროვნებას, მისი დადგენის მიზნით, საბუთები მოსთხოვეს, მან დაუყოვნებლივ, სრულიად მოულოდნელად მოახდინა გასროლა ამ პიროვნების მიმართ. მთელი სამინისტრო, მინისტრის ჩათვლით მობილიზებული იყო და ჩატარდა სამძებრო სამუშაოები. დღეს, დილის 6 საათზე იგივე პიროვნება, რომელიც გადაადგილდებოდა შენიღბული ფორმით, შეჩერებული იქნა პოლიციელების მიმართ და აქ უკვე ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას, თუმცა შეძლო და მიიმალა. ნივთმტკიცებები იქნა ამოღებული და ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, ვინ არის ეს პიროვნება. ეს არის პიროვნება, რომელიც იძებნებოდა ბორჯომში, სადაც თითქმის ანალოგიურ ფაქტს ჰქონდა ადგილი. სამივე შემთხვევა და ამ შემთხვევებიდან ამოღებული მასრები და ექსპერტიზა ცალსახად ადასტურებს, რომ ერთი იარაღიდან მოხდა გასროლა", - განაცხადა იზორიამ.
კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა ბორჯომში პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებული პირის დაკავება ამ დრომდე და როგორ მოახერხა მან, დღეს დილით გაქცეოდა სამართალდამცველებს, იზორია აცხადებს, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ დამნაშავესთან, პროფესიონალთან, რომელიც ასკეტურ ცხოვრებასაც კი ეწევა და დადგენა, თუ სად იმყოფება რთულია.