საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს ქვემო ქართლით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, ახალი სამთავრობო პროგრამის: "ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის" პრეზენტაციაზე განაცხადა, მთავრობას აქვს ძალიან კარგი საფუძველი, რომ ქვემო ქართლში საინტერესო ბიზნესპროექტების განსახორციელებლად და ამას მიმდინარე საინვესტიციო პროექტებიც მოწმობს.
ღარიბაშვილის განცხადებით, რუსთავში, მარნეულსა და გარდაბანში განსახორციელებელი პროექტების საინვესტიციო ღირებულება 38 მილიონ ლარს შეადგენს.
პრემიერ-მინისტრმა მიმართა ბიზნესმენებსაც.
"მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა. თქვენ გაქვთ ამ რეგიონში საინტერესო ბიზნესპროექტების განხორციელების შესაძლებლობა. მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველამ ერთად, ჩვენ და თქვენ ერთად. ჩვენ მაქსიმალურად მხარში დაგიდგებით.
ეს იქნება მეწარმეთა მაქსიმალური ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაცია, 1 ლარად გადაცემა, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების უზრუნველყოფა ჩვენს ხარჯზე, ბუნებრივ რესურსებზე წვდომის ურზუნველყოფა.
ჩვენი საერთო ამოცანაა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას დავეხმაროთ. მე მჯერა, რომ ერთობლივად ჩვენ ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ", - განაცხადა პრემიერმა.