კახა კალაძე:  აფხაზურ მხარესთან ენერგეტიკული მიმართულებით ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს

კახა კალაძე: აფხაზურ მხარესთან ენერგეტიკული მიმართულებით ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ აფხაზურ მხარესთან ენერგეტიკული მიმართულებით ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, მორიგი შეხვედრა აფხაზურ მხარესთან 6 მარტს გაიმართა.

"წლებია, დამყარებულია კარგი ურთიერთიობა, ეს ახლაც გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება. იქ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურებზე, კერძოდ არხის გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ დავათავლიერეთ აგრეგატები. იცით, რომ ენგურის აგრეგატები არის განთავსებული საბერიოში. დასრულებულია სარეაბილატიო სამუშაოები, 2016 წლისთვის ვგეგმავთ გვირაბის რეაბილიტაციას. ძალიან მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი და ამისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი იქნება ჰიდროელექტროსადგურის გაჩერება რამდენიმე თვით", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, იმ შემთხვევაში თუ გაჩერდება "ენგურჰესი", თუ იყო საუბარი ალტერნატივაზე, საიდან მიეწოდება აფხაზეთს ელექტროენერგია, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას, ელექტროენერგიით მოარაგოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები და მათ მთავრობა მიაწვდის ელექტროენერგიას.

"ამ ყველაფერს სახელმწიფო თავის ხარჯზე იღებს. ყველა სარეაბილატაციო სამუშაო, რომელიც იყო ჩატარებული, ტარდება და მომავალში ჩატარდება, ჩვენ ვიღებთ ამ ხარჯებს ჩვენს თავზე. იყო შემთხვევები, როდესაც პრობლემები ჰქონდა ენგურის ჰიდროელექტროსადგურს, ჩვენ რუსეთიდან შემოგვქონდა ელექტროენერგია და ვაწვდიდით აფხაზებს, რომ ჩაბნელებულები არ ყოფილიყვნენ ისინი", - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ.