ჩვენ არ უნდა დავკარგოთ კონტაქტი საზოგადოებასთან, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გუბერნატორებთან, გამგებლებთან და მერებთან შეხვედრაზე განაცხადა
მთავრობის მეთაურმა შეხვედრის მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა, რომ "ყველა სოფელსა და ყველა რაიონში გავიდნენ".
"მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ გააქტიუროთ ხალხთან ურთიერთობა. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ კონტაქტი საზოგადოებასთან. ჩვენ ვართ ადამიანზე ორიენტირებული მთავრობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. მინდა ეს ყველას კარგად გახსოვდეთ. ამიტომაც მოგიწოდებთ ყველას, რომ მაქსიმალურად იურთიერთობეთ, იმუშავეთ ხალხში, გადით ყველა სოფელში, ყველა რაიონში, აუხსენით ხალხს თუ რას ვაკეთებთ ჩვენ მათთვის, მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდეთ ინფორმაცია პირადად თქვენ და გაუფრთხილდით იმ ნდობის მანდატს, რომელიც ჩვენ ხალხმა გამოგვიცხადა", - მიმართა პრემიერმა მერებს, გამგებლებსა და გუბერნატორებს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართველი ხალხის მიერ ხელისუფლებისთვის გამოცხადებულ ნდობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოპყრობა და გაფრთხილება სჭირდება.
"ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და ხალხია, რომელმაც ჩვენ აგვირჩია, რომელიც ცხოვრობს საქართველოში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი კეთილდღეობისთვის", - დასძინა პრემიერმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მეტი ინიციატივების გამოჩენის თხოვნითაც მიმართა და დაპირდა, რომ ყველა ინოვაციური პროექტისთვის, რომლის იდეაც ექნებათ, წახალისდებიან.
"მინდა მოგიწოდოთ მეტი კოორდინაციისკენ გუბერნატორებთან, საკრებულოებთან, ვიცი, რომ რამდენიმე რაიონში არის რაღაც პრობლემები სკარებულოსა და გამგეობებს შორის, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი გუნდურობიდან და პრინციპულობიდან გამომდინარე პირადი სახის პრობლემები ერთობლივად იქნება დაძლეული. მეტი ინიციატივებისკენაც მინდა მოგიწოდოთ, მეტი პროექტების წარმოდგენისკენ, რითაც დავამასხოვრებთ ადგილობრივი დონეზე თავს იმ მოსახლეობას, რომლებმაც თქვენ აგირჩიეს და გამოგიცხადეს ნდობა. უნდა მოხდეს ინოვაციური პროექტების წახალისება", - აღნიშნა პრემიერმა.