"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გიორგი მარგველაშვილს "უნებისყოფო პრეზიდენტს" უწოდებს.
აღნიშნული ეპითეტით ბოკერია ქვეყნის პირველ პირს იმის გამო მოიხსენიებს, რომ ის ამ ეტაპზე რიგგარეშე სხდომის მოწვევას საჭიროდ არ მიიჩნევს.
"მაშინ როცა ქვეყანა ეკონომიკური უფსკრულისკენ მიექანება, ივანიშვილის მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა და პრეზიდენტი თანხმდებიან იმაზე, რომ არ სურთ პარლამენტმა იმსჯელოს ამ კრიზისიდან გამოყვანის გზაზე და იმ კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს. ეს არის ამ პოლიტიკური გუნდის განაჩენი. ეს უპასუხისმგებლობა ნაწილდება ყველა ფიგურაზე - პირველ რიგში ივანიშვილზე, მაგრამ ამ შემთხვევაში უნებისყოფო პრეზიდენტზე", - აღნიშნა ბოკერიამ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს.
როგორც მარგველაშვილმა გუშინ, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საზოგადოებას სიტუაციიდან გამოსვლის გეგმა წარუდგინოს.
ქვეყნის პირველი პირის ინფორმაციით, მთავრობა აღნიშნულ გეგმაზე მუშაობს და საზოგადოებისთვის მის წარდგენას უახლოეს მომავალში, საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის დასრულების შემდეგ გეგმავს.