ზურაბ მელიქიშვილი:    დაუბეგრავ მინიმუმზე სხვა ისტორიას ნუ ყვებით

ზურაბ მელიქიშვილი: დაუბეგრავ მინიმუმზე სხვა ისტორიას ნუ ყვებით

"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუბეგრავ მინიმუმთან დაკავშირებით საზოგადობას "სხვა ისტორიას ნუ უყვებიან" და აღიარონ, რომ დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმება ბიუჯეტში სათანადო თანხების არარსებობის გამო ხდება.

შესაბამისი განცხადებები უმცირესობის მხრიდან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გაკეთდა, სადაც საგადასახადო კანონმდებლობაში ამ მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით იხილავენ.

უმცირესობის წევრებმა მთავრობას შეახსენეს, რომ სწორედ მაშინ, როცა უნდა ამოქმედებულიყო "საგადასახადო კოდექსის" ნორმა, რომელიც საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 18%-მდე შემცირებას ითვალისწინებდა, აღნიშნული საგადასახადო შეღავათი გაუქმდა და მის საპირწონედ იქნა შემოღებული დაუბეგრავი მინიმუმი. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, მაშინ აქცენტი სოციალურ ფაქტორებზე არ კეთდებოდა.

"დაუბეგრავი მინიმუმი სოციალური ნიშნით შემოღებული ინიციატივა არ ყოფილა. მაშინაც გეუნებოდით, რომ ამ ინიციატივას დიდი ხნის განმავლობაში ვერ განახორციელებდით. უნდა თქვათ სიმართლე - ამ ნაბიჯმა არ გაამართლა, ხოლო "საგადასახადო კოდექსის" შეღავათი, რაც უნდა ჰქონოდა ბიზნესს და კერძო სექტორს, გააუქმეთ", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა.

2015 წლისათვის მიღებულ შემოსავლებზე დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპი აღარ გავრცელდება. 2015 წელს შესაბამის პირებს კვლავ ექნებათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და 2014 წელს გადახდილი გადასახადის დაბრუნების უფლება, მაგრამ ეს უფლება 2015 წელს მიღებულ შემოსავლებზე აღარ გავრცელდება.

"საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს ფინანსთა სამინისტროს ავტორობით და მთავრობის ინიციატივით წარედგინა.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე განმარტავს, 2016 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმი აღარ იარსებებს, რადგან მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება, სოციალური დახმარების გაუმჯობესებული სისტემა იქმნება.