ზაქარია ქუცნაშვილი - არა მარტო პროკურატურას სჭირდება რეფორმა, არამედ თავიდან არის გასააზრებელი მართლმსაჯულების მოწყობის სისტემა

ზაქარია ქუცნაშვილი - არა მარტო პროკურატურას სჭირდება რეფორმა, არამედ თავიდან არის გასააზრებელი მართლმსაჯულების მოწყობის სისტემა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის მოსაზრებით, მთლიანად თავიდან არის გასააზრებელი მართლმსაჯულების მოწყობის სისტემა. ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს მთავრობის მიერ პროკურატურის რეფორმირების დაწყების საკითხს გამოეხმაურა. მისივე თქმით, პრემიერის მოსაზრება, რომ პროკურატურას რეფორმა სჭირდება – სწორია.

"არა მარტო პროკურატურას სჭირდება რეფორმა, მთლიანად თავიდან არის გასააზრებელი მართლმსაჯულების მოწყობის სისტემა იმისათვის, რომ ერთი მხრივ, სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოები იყვნენ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ხოლო მეორე მხრივ, მართლმსაჯულების ორგანოები თავისთავად იყვნენ მხოლოდ კანონზე და შინაგან რწმენაზე დამოკიდებული. მე, რომ მეკითხებიან როგორი უნდა იყოს მოსამართლე, ვპასუხობ – მოსამართლე უნდა იყოს ობიექტური კანონის გამოყენებისას და სუბიექტური შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისას. ობიექტურობა კანონთან მიმართებაში და სუბიექტურობა შინაგან რწმენასთან დაკავშირებით - ეს არის პრინციპი, რასაც უნდა დაექვემდებაროს მართლმსაჯულების სისტემა", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. 

საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს. ამის თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. 
პრემიერმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უწყების რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის დავალებაც მისცა.