მემარჯვენე სექტორის ლიდერი, უკრაინის სახალხო დეპუტატი დიმიტრი იაროში "პეტრო პოროშენკოს" ბლოკის ინიციატივას, მინისტრთა კაბინეტში უცხოეთის მოქალაქეების მინისტრობის კანდიდატებად დასახელებას "არასრულფასოვნების კომპლექსად" აფასებს. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ იაროშმა რადას სესიაზე გამოცხადებული შესვენების დროს განაცხადა.
"მე ვფიქრობ, ეს არის არასრულფასოვნების კომპლექსი. მიმაჩნია, რომ უკრაინაში ბევრი ღირსეული ადამიანია, რომლებიც შესაძლოა წარმოდგენილები იყვნენ უკრაინის მთავრობაში", - განაცხადა იაროშმა.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე კვიტაშვილია წარდგენილი, ეკონომიკის მინისტრად - ლიტვის მოქალაქე, აივარას აბრომავიჩუსი, ხოლო ფინანსთა მინისტრის პოსტზე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, ნატალია იარესკო.
სამივე კანდიდატს ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა.
ახალი მინისტრთა კაბინეტი რადამ დღეს უნდა დაამტკიცოს.