„პრეზიდენტის გადაწყვეტილება სწორი, პრინციპული და სამართლიანი იყო

„პრეზიდენტის გადაწყვეტილება სწორი, პრინციპული და სამართლიანი იყო"

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, პარლამენტი არა ვეტოს დაძლევის გზით უნდა წავიდეს, არამედ ე.წ. გასაღებთან დაკავშირებულ საკითხზე მოლაპარაკება უნდა მოხდეს.

ბაქრაძის თქმით, ის, როგორც იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის მიმართაც საზოგადოებას სრულიად სამართლიანად ჰქონდა პრეტენზია უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით,  აცნობიერებს  პასუხისმგებლობას, რომ უკანონო მოსმენების სისტემა უნდა დასრულდეს.

„ამ კანონის მიღებას ვეწინააღმდეგებოდით ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ეწინააღმდეგებოდა არასამთავრობოების ნაწილი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პრეზიდენტმა, გახლავთ სწორი, პრინციპული  და გამართლებული. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ, როგორც პარლამენტს გვრჩება ორი გზა. უმრავლესობა შეეცდება ხმების მექანიკური მოგროვების გზით და ხელების გადაგრეხით გადალახოს პრეზიდენტის ვეტო ან მეორე, ყველა ერთად შევაფასებთ შექმნილი სიტუაციის სირთულეს და შეთანხმების გზით მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი საზოგადოების ინტერესს მოემსახურება. მინდა მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას და ხელისუფლებას, არ წავიდეს პირველი გზით, ვინაიდან სწორედ მათ დაეკისრრებათ პასუხისმგებლობა იმ უკანონო მოსმენების გაგრძელებისთვის, რომელიც ქვეყანაში ხდება. ახლა მთავარია, პარლამენტი  წავიდეს არა  ვეტოს დაძლევის, არამედ მოლაპარაკებების გზით. როგორც იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის მიმართაც საზოგადოებას სრულიად სამართლიანად ჰქონდა პრეტენზია უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, მე სრულად ვაცნობიერებ ჩვენ პასუხისმგებლობას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დასრულდეს უკანონო მოსმენების სისტემა“,- განაცხადა ბაქრაძემ.