საქალაქო სასამართლოში პრემიერ-მინისტრის სახლთან დაკავებულების ახლობლები იკრიბებიან

საქალაქო სასამართლოში პრემიერ-მინისტრის სახლთან დაკავებულების ახლობლები იკრიბებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გუშინ პრემიერ-მინისტრის სახლთან დაკავებული 7 პირიდან 6-ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ დღეს იმსჯელებენ.

საქალაქო სასამართლოში დაკავებულების ადვოკატები და მხარდამჭერები უკვე მივიდნენ, თუმცა ჯერჯერობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკითხის განხილვის ზუსტი დროს ჩანიშნული არ არის. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ბაჩო ახალაიას ადვოკატი რომეო საჯაიაა, რომელსაც წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

რაც შეეხება მეშვიდე პირს, როგორც ჟურნალისტებს ადვოკატებმა აცნობეს, დაკავებული ლევან კვარაცხელიას მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით არის აღძრული, რომელიც ხულიგნობას გულისხმობს და შესაბამისად, მისი საქმე ცალკე განიხილება. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ადვოკატ გოგა ონიანის განცხადებით, დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკითხის განხილვისას ადვოკატები დააყენებენ შუამდგომლობას განხილვის გადადების თაობაზე. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ამის მოტივი ის არის, რომ დამცველებს შესასწავლი აქვთ ვიდეომასალა და კადრები.

"ჩვენ გვაქვს სანახავი უამრავი კადრი, რისთვისაც დრო გვჭირდება, რათა მოსამართლეს დავუდასტუროთ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები არაფერ შუაში არიან. პრემიერმა ვერ აიტანა 100-კაციანი ახალგაზრდების აქცია, მაშინ როდესაც მისი გუნდი აკრიტიკებდა 26 მაისის აქციაზე პოლიციის ქმედებებს. უფრო მასშტაბური აქციების შემთხვევაში ბევრად უარესია მოსალოდნელი", - განაცხადა გოგა ონიანმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან გუშინ საღამოს გამართულ საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი აქციის მონაწილეებსა და გამვლელებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა. აქციის მონაწილეები, რომელთა შორის იყვნენ დეპუტატი აკაკი მინაშვილი და ადვოკატი გოგა ონიანი ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებდნენ, სასამართლოზე ზეწოლა შეწყვიტოს. ისინი პრემიერის სახლთან სკანდირებდნენ "საქართველო ჰაკიმ ფაშას გარეშე".