ყველა ის მექანიზმი, რაზეც ჩვენს ქვეყანას ხელი მიუწვდება, გამოყენებული იქნება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, - ამის შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მიერ გაიცა განკარგულებები ყველა უწყების, ყველა სამინისტროს მიმართულებით, რომლებმაც უახლოეს დღეებში კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა წარმოადგინონ.
"ეს გულისხმობს, როგორც საგარეო აქტივობებს, ისე სხვა მიმართულებით აქტივობებს. კონკრეტულად ამ გეგმის შესახებ ვერ მოგახსენებთ, ვინაიდან უსაფრთხოების საბჭოს ფორმატი დახურულია. თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ის საერთაშორისო მექანიზმი, ყველა ის მექანიზმი, რაზეც ჩვენს ქვეყანას ხელი მიუწვდება, გამოყენებული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და გამოყენებული იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად", - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.
მისივე ინფორმაციით, სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართული იქნება ხელისუფლების ყველა შტო, პარლამენტი, სამთავრობო უწყებები.
"შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მსგავსი კონსოლიდირებული მიდგომა საკითხთან, სათანადო შედეგს გამოიღებს", - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.