„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში, ქვეყანაში ორ ახალ წამოწყებას შეეწყობა ხელი - შეიქმნება „სისხლის ბანკი/პლაზმაცენტრი“ და შესაფუთი მასალების საწარმო.
ხელშეკრულება „საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ“ ორ კომპანიასთან (შპს „ჰემოლაინი“ და შპს „დამზადებულია საქართველოში #1“) ამ დღეებში გააფორმა. ეს საწარმოები ბიზნესის განვითარებისთვის სოლიდურ თანხებს მიიღებენ შეღავათიანი პირობებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები ინვესტიციების წარმატებით ათვისებისთვის, ბიზნესის მართვის ყველა ეტაპზე პროფესიონალთა რჩევებს მიიღებენ და გაივლიან უნარების ამაღლების ტრენინგებს.
„მოხარული ვარ, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო გაიხსნება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ქვეყანაში მეტი წარმატებული საწარმო შეიქმნას. გვახარებს ის ფაქტი, რომ შპს „ჰემოლაინისთვის", „საქართველოს ბანკმა“ 850 000 აშშ დოლარის სესხი გამოყო, ჩვენი სააგენტო კი პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის მთლიანი საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ს დააფინანსებს. რაც შეეხება შპს "დამზადებულია საქართველოში #1“-ს, მისთვის 1 100 000 აშშ დოლარის სესხის გაცემა „ქართუ“ ბანკმა უზრუნველყო, ამ შემთხვევაშიც, სააგენტო პირველი 2 წლის განმავლობაში მოახდენს სესხის მთლიანი საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის თანადაფინანსებას,“ -განაცხადა „საქართველოს მეწარმეობის განვითარების“ დირექტორმა გიორგი ციკოლიამ.
შპს "ჰემოლაინის" დირექტორი ირაკლი რაინაული განმარტავს, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე 1 500 000 აშშ დოლარია. წარმოება თბილისში აეწყობა და დაახლოებით 15 ადამიანს დაასაქმებს. სისხლის ბანკის და პლაზმაცენტრის ამუშავება 2015 წლის თებერვალშია დაგეგმილი. კომპანიის პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებები და ფარმაცევტული ქსელები იქნებიან.
-„პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ითვალისწინებს სახელმწიფოს თანამონაწილეობას კრედიტის 10%-ის დაფინანსებაში 2 წლის მანძილზე. სწორედ ეს ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი ჩვენს შემთხვევაში, რადგან ასეთი შეღავათიანი პირობების გარეშე, ჩვენი ბიზნეს-გეგმის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ ვგეგმავთ დონორული სისხლის კომპონენტების დამზადებას, ასევე სისხლის პლაზმიდან უნიკალური ფარმპროდუქტების წარმოებას და საქართველოს ბაზარზე რეალიზაციას. წარმოებაში გამოყენებული იქნება სისხლის ლაბორატორიული კვლევისა და შენახვის საერთაშორისო სტანდარტები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას“- განაცხადა ირაკლი რაინაულმა.