ლევან მაჭავარიანი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ევროკავშირისა და ბრიტანეთის თანამშრომლობის შესახებ: არავინ არავის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ჩვენს საქმეებში რატომ ერევიან

ლევან მაჭავარიანი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ევროკავშირისა და ბრიტანეთის თანამშრომლობის შესახებ: არავინ არავის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ჩვენს საქმეებში რატომ ერევიან

არავინ არავის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ჩვენს საქმეებში რატომ ერევიან? - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა და ბრიტანეთმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ.

მან გაიხსენა, რომ გერმანიაში მიმდინარე არჩევნების შესახებ ილონ მასკის პოსტმა გერმანიაში აღშფოთება გამოიწვია.

„მაშინ, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას თავიდან ბოლომდე წინასაარჩევნო კამპანია ევრობიუროკრატებმა ჩაუტარეს, ბატონმა ილონ მასკმა ერთი „ტვიტი“ მიუძღვნა გერმანიაში როდესაც მიმდინარეობდა არჩევნები და აღშფოთდა მთელი გერმანია, ეს როგორ შეიძლება, ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა არისო. ისინი დელეგაციებს აგზავნიდნენ საქართველოში, საგარეო საქმეთა მინისტრებს აგზავნიან ანტისამთავრობო მიტინგებზე, მოწოდებებია „მაიდანიზაციაზე“ და ასე შემდეგ. ეს აღიზიანებთ ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის უსამართლო მიდგომა, რა თქმა უნდა და დროა, გადახედონ თავიანთ მიდგომას და რიტორიკას საქართველოსთან მიმართებაში”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

„დემოკრატიის ფარის“ ჯგუფის ევროპარლამენტარები მიმდინარე კვირაში ლონდონს ესტუმრნენ, რათა გაეზიარებინათ გამოცდილება უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში და განეხილათ როგორც გაერთიანებული სამეფოს, ასევე ევროკავშირის საკანონმდებლო პასუხები. დელეგაცია შეხვდა გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიბერ უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის, თემთა პალატისა და ლორდთა პალატის წარმომადგენლებს.