ჩაქვი ბათუმის ცენტრალურ მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია. რამდენიმე წუთის წინ მოვარდნილმა წყლის ნაკადმა ავტომობილი ადგილიდან რამდენიმე მეტრით წაიღო.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილში არავინ იმყოფებოდა. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ჩაქვის წყალი ადიდდა და ცენტრალურ გზაზე გადმოვიდა, რამაც დაახლოებით, ხუთ კილომეტრამდე საცობი შექმნა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საცობში მყოფმა მგზავრებმა აცნობეს, მოძრაობა განსაკუთრებით შეფერხებულია ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით.
მგზავრების თქმით, ბოლო საათნახევარია როგორც მსუბუქი ასევე, სატვირთო ავტომობილებისთვის მოძრაობა გართულებულია.
"ჩემი მანქანა ახალია და წყალი არ შემოვიდა სალონში. ჩვენს წინ მიმავალ "გოლფში" მსხდომი მგზავრები სრულად დასველდნენ. წყალი სავარძლებამდე აღწევდა", - აცხადებენ მგზავრები.
ადგილზე მუშაობენ საპატრულო პოლიცია და სამაშველო ბრიგადები. შექმნილი საცობის გამო დამატებით ბრიგადები ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ.