ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივას არ გამორიცხავს

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივას არ გამორიცხავს

პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივას არ გამორიცხავს. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა , ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად საინტერესო აღმოჩნდება ევრაზიული კავშირი საქართველოს სტრატეგიისთვის.

"რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობ. ამ ეტაპზე არანაირი პოზიცია არ გაგვაჩნია, თუმცა, თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა?", - განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს პრემიერმა სირიაში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და შეშფოთება გამოთქვა.

"სირიის საკითხი ძალიან მაშფოთებს. განსაკუთრებით სამწუხარო იყო ქიმიური იარაღის გამოყენება, რისი მტკიცებულებებიც არსებობს. ძალიან დიდი ნდობა მაქვს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ _ მან ჩაატარა ექსპერტიზა და დასკვნის მიხედვით, გამოყენებულია ქიმიური იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

შემაშფოთებელია ეს ყველაფერი. ვისურვებდით, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ის გაუგებრობა, რაშიც ეს ქვეყანა წლების განმავლობაში იყმოფება", - აღნიშნა ივანიშვილმა.