ზვიად ძიძიგური - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი წევრების ნაწილი პოლიტიკური აფერისტობით არიან დაკავებულები

ზვიად ძიძიგური - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი წევრების ნაწილი პოლიტიკური აფერისტობით არიან დაკავებულები

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი წევრების ერთი ნაწილი პოლიტიკური აფერისტობით არიან დაკავებულები, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურემა განუცხადა. 

მისი თქმით, სიცრუეა გიორგი ვაშაძის განცხადება თითქოს, სამართალდამცველებმა რუსთავის საკრებულოს სამი წევრი გაიტაცეს. 

"რუსთავის საკრებულოში რვა კაცი წერს ხოლმე განცხადებას საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების და საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის მოთხოვნით, შემდეგ თვითონ არ ცხადდებიან ამ სხდომაზე და ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში სამი თვის ვადით, საკრებულოს თავმჯდომარეს უხანგრძლივდება თავმჯდომარეობის ვადა. ეს უკვე მეორედ გააკეთეს - ერთხელ - შარშან დეკემბერში, და ახლა - როდესაც ბატონმა თავმჯდომარემ 8-კაციანი მოთხოვნა შეიტანა საკრებულოს ბიუროში, შემდეგ თავად წაბრძანდა საზღვარგარეთ და გუშინ მთელი დღის განმავლობაში, "ნაციონალური მოძრაობა" თავად იყო დაკავებული, რომ როგორმე ქვორუმი არ შემდგარიყო დღევანდელ დღეს და ჩაშლილიყო სხდომა", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 
მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებზეც ამბობენ, რომ გატაცებულები არიან, "ნაციონალებმა" თავად გადამალეს.

"ეს ადამიანები თავად გადამალეს, ვინაიდან ისინი მზად იყვნენ ხმა მიეცათ დღევანდელი საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტისათვის. გადამალეს საკრებულოს წევრები: ბადაგაძე, ასისტიშვილი და მურვანიძე. 

მათი ახლობლებისგან ვიცით, რომ ტელეფონები ჩამოართვეს და სადღაც წაიყვანეს. ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. საკრებულოს სხდომის ჩაშლა "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესში იყო, ამიტომ ის, რასაც გიორგი ვაშაძე აცხადებს, სიცრუეა, რადგან ნაციონალები ასეთი ტიპის პოლიტიკური ზეწოლებით თავად არიან დაკავებულები", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, რუსთავის საკრებულოს წევრების ოჯახებში სამართალდამცავები შედიოდნენ და ოჯახის წევრებს და თავად დეპუტატებს აშინებდნენ. 

როგორც გიორგი ვაშაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, ამის მიზეზი რუსთავის საკრებულოს დღევანდელი რიგგარეშე სხდომა გახდა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განხილულიყო. 

გიორგი ვაშაძის განცხადებით, სამართალდამცავი სტრუქტურები, კერძოდ, უშიშროებისა და პოლიციის თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატების სახლში მთელი ღამის განმავლობაში შედიოდნენ და მათ აშანტაჟებდნენ. ვაშაძის თქმით, საკრებულოს წევრებისგან მოითხოვდნენ, რომ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაეჭირათ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის. 
ვაშაძის განცხადებით, წუხელ, სამართალდამცავი სტრუქტურების, კერძოდ, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა რუსთავის საკრებულოს სამი წევრი გაიტაცეს, რომლებიც დუშეთში იმყოფებოდნენ. ვაშაძის თქმით, მათგან ორის, ზაზა ასისტიშვილის და ზაზა მურვანიძის ადგილსამყოფელი უცნობია, მესამე - იაგო ბადაგაძე კვლავ უშიშროების თანამშრომლებს ჰყავთ.