„ხალხის ძალის“ წევრი დავთ ქართველიშვილი იმ სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენსსა და კომპანია Pfizer-ს შორის წარმოიშვა. როგორც ვრცელ პოსტში ექსპერტი წერს, ევროკავშირის მაღალჩინოსნისათვის, ეს მინიმუმ - რეპუტაციის დაზიანებას და აქამდე დაგროვებული პოლიტიკური კაპიტალის დაკარგვას უდრის.
„ფონ დერ ლაიენის „გარე ურსულობა"... გავიხსენოთ, რა არის „PfizerGate“: ეს სკანდალი დაიწყო კულუარული მოლაპარაკებების გარშემო, რომლებიც 2021 წლის გაზაფხულზე გაიმართა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კომპანია Pfizer-ის გენერალურ დირექტორ ალბერტ ბურლას შორის. საუბარი ეხებოდა ისტორიაში ყველაზე დიდ ხელშეკრულებას (1.8 მილიარდამდე დოზაზე), საერთო ღირებულებით დაახლოებით 35 მილიარდი ევრო. მოგვიანებით გამოიკვეთა, რომ ამ გარიგების მნიშვნელოვანი პირობები მხარეებს შორის განხილული იყო პირადი SMS-შეტყობინებებით, რომელთა შინაარსიც ევროკომისიას არ გაუმჟღავნებია. ახლა კონკრეტულად განვიხილოთ, თუ რა კავშირი ჰქონდა ურსულა ფონ დერ ლაიენს PfizerGate-სთან:
Pfizer-ის გენდირექტორთან მისი პირადი SMS კომუნიკაცია (იანვარი–აპრილი 2021), ანუ მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალური ჯგუფის გვერდის ავლით - დადასტურებულია;
დადასტურებულია ასევე სახელმწიფო შესყიდვების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტი ამ კომუნიკაციის დროს. თუმცა, ტექსტები არ გამოქვეყნდა თითქოს და „წაშლილი" SMS-ების გამო (ევროკომისიის განცხადებით, „შეტყობინებები არ შენახულა“);
ევროკავშირის ომბუდსმენმა დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ დარღვევას (2022 წლის ივლისი) - ანუ, ვაქცინის ფასის გადაჭარბება ერთ დოზაზე დაახლოებით 25%-ით გაიზარდა წინა ხელშეკრულებასთან შედარებით. სწორედ ამ ფაქტს სწავლობს ევროკავშირის აუდიტის პალატა და ევროპული პროკურატურა (EPPO). 2021 წლის 16 სექტემბერს ევროკავშირის ომბუდსმენის ოფისმა დაიწყო გამოძიება: ჯერ გამოითხოვეს SMS-ები, მერე გამოავლინეს ადმინისტრაციული დარღვევა, შემდეგ 2022 წლის14 ოქტომბერს ევროპულმა პროკურატურამ (EPPO) დაადასტურა მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიება ვაქცინების შესყიდვებზე, 2023 წლის 25 იანვარს The New York Times-მა უჩივლა ევროკომისიას გენერალურ სასამართლოში თითქოს და „გაუჩინარებულ" SMS-ზე წვდომის მოთხოვნით.
ამის შემდეგ, 2023 წლის აპრილში ბელგიის ლიეჟის სასამართლოში საჩივარი შეიტანა ფრედერიკ ბალდანმა კორუფციასა და დოკუმენტების განადგურების თაობაზე - 2025 წლის 21 იანვარს ლიეჟის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა (როგორც „მიუღებელი“). 2025 წლის 14 მაისს გენერალურმა სასამართლომ გააუქმა ევროკომისიის უარი SMS-ების გადმოცემაზე („PfizerGate-ის ვერდიქტი“), რაც ევროკომისიას შეუძლია გაასაჩივროს 2025 წლის 15 ივლისამდე.
რა ხდება დღეს, ანუ 2025 წლის 26 ივნისის მდგომარეობით:
„SMS-საქმე": გენერალურმა სასამართლომ ევროკომისია დაავალდებულა, თავიდან განიხილოს NYT-ის მოთხოვნა და წარადგინოს „პატიოსანი გამოძიების“ მტკიცებულება. ბრიუსელი აცხადებს, რომ „განიხილავს გადაწყვეტილებას“ (სააპელაციოს შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა);
EPPO-ს გამოძიება: გრძელდება ვაქცინების შესყიდვების თაობაზე საგამოძიებო პროცესი. წყაროთა მიხედვით, გამოძიების დასრულება იგეგმება 2025 წლის ბოლომდე. ბრალდებულების ვინაობა არ საჯაროვდება, თუმცა საქმე მოიცავს Pfizer-ის კონტრაქტსაც;
გამოძიების ბელგიური მიმართულება: იანვრის გადაწყვეტილების შემდეგ, ბელგიაში სამართლებრივი პერსპექტივა ამოწურულია, თუმცა მოსარჩელემ დააანონსა საკასაციო საჩივარი და პარალელური სარჩელებია შეტანილი საფრანგეთსა და აშშ-ში.
რას ნიშნავს ყოველივე ეს ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის? როგორც მინიმუმ - რეპუტაციის დაზიანება და აქამდე დაგროვებული პოლიტიკური კაპიტალის დაკარგვა. გარდა ამისა, სკანდალი მხოლოდ აძლიერებს ევროპელი კონსერვატორების მიერ ხშირად გამოთქმულ ბრალდებებს „ბრიუსელის ბიუროკრატიის“ მიმართ - დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი, EU წევრი ქვეყნების კონტროლის მიღმაა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება მანამდე, სანამ ფონ დერ ლაიენი დაიწყებს ფიქრს მეორე ვადით თავისი უფლებამოსილების რეალიზაციაზე და მისი ოპონენტები აუცილებლად გამოიყენებენ ამას, რათა ეჭვქვეშ დააყენონ მისი ლეგიტიმაცია და დააზიანონ ევროპული სახალხო პარტიის (EPP) პოზიციები 2029 წლის არჩევნებისთვის.
გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს წმინდა იურიდიული საფრთხეები: ევროპული პროკურატურა (EPPO) შეიძლება გამოვიდეს ისეთი ბრალდებებით, როგორიცაა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, თაღლითობა ევროკავშირის ბიუჯეტის მიმართ ან კორუფცია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს ეკუთვნის იმუნიტეტი, პროკურატურას უფლება აქვს მოითხოვოს მისი მოხსნა საკმარისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში. თუ სასამართლო საბოლოოდ დაადგენს, რომ SMS-ები წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტებს, შესაძლებელი გახდება მათი შინაარსის გასაჯაროება და შესაძლოა ახალი სარჩელების შემოტანა წევრი სახელმწიფოების მხრიდან - გადახდილი თანხების ანაზღაურების მოთხოვნით. მთავარია, რომ გენერალური სასამართლოს გადაწყვეტილება ქმნის პრეცედენტს: ნებისმიერი ციფრული კომუნიკაცია, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის ფინანსებს, უნდა იქნას შენახული და წარდგენილი პირველივე კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე. ეს ძლიერად აზარალებს ევროკომისიის უმაღლესი ხელმძღვანელების „სატელეფონო დიპლომატიის“ პრაქტიკას.
მემარჯვენე და ევროსკეპტიკური პარტიების მხრიდან აუცილებლად გაიზრდება ზეწოლა იმაზე, რომ გადახედონ ევროკავშირის საერთო შესყიდვების პროცედურებს, დაუბრუნონ წევრ ქვეყნებს ვეტოს უფლება და გააფართოონ ევროპარლამენტის უფლებამოსილება კომისიის კონტროლის მიმართულებით. სკანდალი ასევე ზრდის უნდობლობას ფარმაცევტული გიგანტების (მაგ. Big Pharma) მიმართ და უბიძგებს ეროვნულ მთავრობებს ვაქცინების მარაგების გადახედვისა და ბიუჯეტური ვალდებულებების გადაფასებისკენ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.