ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში შესაძლოა, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორმა , მარინა მუსხელიშვილმა მიიღოს მონაწილეობა.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად მუსხელიშვილმა განუცხადა და იქვე განმარტა, რომ აღნიშნულს არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუკი უნივერსიტეტი იმ ადამიანების ხელში აღარ დარჩება, ვის ხელშიც ახლაა.
"მე არასდროს გამომითქვამს რექტორობის სურვილი, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში წინასწარ ვერ გეტყვით, როგორ მოვიქცევი. ვითარების და მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას. ამ ვითარებაში ეს პრინციპულად შეიძლება აღარ გამოვრიცხო. ჩემი სურვილია ვიყო უნივერსიტეტის პროფესორი და ვასწავლო სტუდენტებს. ამას ვერასდროს ვერ მივაღწევ, თუ უნივერსიტეტი დარჩება იმ ადამიანების ხელში, რომელთა ხელშიც დღესაა. მე ვიმედოვნებ, რომ ადრე თუ გვიან მექნება შესაძლებლობა ვასწავლო სტუდენტებს", - განაცხადა მარინა მუსხელიშვილმა.
აღნიშნულ კონტექსტში, ის "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებსაც იწონებს და განმარტავს, რომ ისინი სასწრაფოდ მისაღებია.
"ეს არის სწორი ცვლილებები. ესაა სასწრაფოდ გასაკეთებელი და მე ვიტყოდი, რომ უფრო ადრეც შეიძლებოდა ამის გაკეთება. უმაღლესი სასწავლებლები უნდა გათავისუფლდეს იმ პოლიტიკური წნეხისგან, რაშიც ისინი წინა ხელისუფლების პირობებში მოექცნენ. უნდა გატარდეს მთელი რიგი რეფორმები, რათა უმაღლესი განათლების ხარისხი და დონე გაუმჯობესდეს, ამას კი სჭირდება ახალი ძალები, ახალი ადამიანები და იმ მიკერძოებული მიდგომების შეჩერება, რაც აქამდე არსებობდა. აღნიშნული ცვლილებების პაკეტის წინააღმდეგ გამოდიან ის ადამიანები, რომლებიც რექტორებად წინა ხელისუფლების მიერ დაინიშნენ და უპირისპირდებიან იმ მუხლებს, რომლებიც მათ მიერ მოპოვებულ პრივილეგიებს საფრთხეს უქმნის. სწორედ ამიტომ, ითხოვენ, რომ უნივერსიტეტებმა თვითონ აირჩიონ ახალი რექტორები და არჩევის ნაცვლად დანიშვნა არ მოხდეს, რათა ამით შესაძლოა საფრთხე შეექმნას უნივერსიტეტების ავტონომიას. ასეთი მოთხოვნები ცინიკურია, ვინაიდან, წინა ხელისუფლების მიერ, ფაქტობრივად, თავად არიან დანიშნულები. მეორე მხრივ, ეს არაა გამართლებული მოთხოვნა, რადგან არჩევა დღევანდელ ვითარებაში ვერ მოიტანს უნივერსიტეტების ავტონომიას", - განმარტა მუსხელიშვილმა.
თსუ-ში არჩევნები 16 აგვისტოსთვის არის დანიშნული.