საპარლამენტო უმცირესობის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში გენერალ გია ყარყარაშვილის მძღოლის გიორგი სიმონიანის კომპანიამ სამი ტენდერი მოიგო.
ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მინდა, ვისაუბრო იმ საეჭვო ტენდერებზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროში გამოიკვეთა. უფრო კონკრეტულად 2013 წლის 4 იანვარს, მოქალაქე გიორგი სიმონიანმა, რომელსაც მანამდე არ ჰქონდა არანაირი ბიზნეს-გამოცდილება, თბილისში დაარეგისტრირა შპს "პროგრეს პლიუსი", რომლის 100 %-იანი წილის პროცესი გახლავთ თავად გიორგი სიმონიანი. ამ ფირმის დაფუძნებიდან ზუსტად სამ კვირაში ამ კომპანიამ მიიღო მონაწილეობა თავდაცვის სამინისტროს ტენდერში და მოიგო 70 ათასი ლარი საწმენდი და საპრიალებელი საშუალებებისთვის. ამის შემდეგ 5 დღეში კიდევ ორი ტენდერი გაიმართა და ორივე ტენდერი გიორგი სიმონიანმა მოიგო. საბოლოოდ თითქმის მილიონ 600 ათას ლარზე ავიდა ეს თანხა, რომელიც სიმონიანმა თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო. ეს თავისთავად უცნაურია, რადგან აღნიშნულმა კომპანიამ ამხელა თანხა მიიღო, მით უმეტეს, რომ მას არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. გიორგი სიმონიანი გახლავთ გენერალ გია ყარყარაშვილის მძღოლი. თუ გავიხსენებთ, რა ახლო ურთიერთობები აქვთ გია ყარყარაშვილს და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას, ალბათ, გასაკვირი არ არის ეს ფაქტები. როგორც ჩანს, ირაკლი ალასანიამ პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მეგობარს მადლობა გადაუხადა. ჩვენ თვლით, რომ ეს არის ელიტური კორუფციის ფაქტი", - განაცხადა ნადირაშვილმა და დასძინა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიებას ითხოვს.