რა ეტაპზეა სწრაფი რკინიგზის პროექტის განხორციელება და აპირებს თუ არა რკინიგზის ახალი ხელმძღვანელობა შეასრულოს წინა მენეჯმენტის გეგმები უკვე წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის ხანგრძლივობის 3 საათამდე შემცირების შესახებ?
შეგახსენებთ: სწრაფი რკინიგზის პროექტი, რომელიც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მგზავრობის დროის 3 საათამდე შემცირებას ითვალისწინებს, 2010 წელს დაიწყო და გეგმის მიხედვით ის 2013 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
პროექტი გულისხმობს თბილისსა და ბათუმს შორის მაგისტრალისა (315 კმ) და ელექტრომომარაგების, ასევე 40–კილომეტრიანი უღელტეხილის რეგიონის მოდერნიზებას სამგზავრო მატარებლის სიჩქარის გაზრდის მიზნით, 80 კმ/სთ-მდე უღელტეხილის მონაკვეთზე და 120 კმ/სთ-მდე დანარჩენ მაგისტრალზე.
გასულ წელს ამ თემაზე საუბრისას გია ხუხაშვილმა commersant.ge–ს განუცხადა, რომ 3 საათში თბილისი–ბათუმის მონაკვეთის დაფარვა, რაც „რკინიგზის“ გეგმებში შედიოდა, არარეალისტურია, ვინაიდან ამის საშუალებას საქართველოს მთიანი რელიეფი არ იძლევა.
რკინიგზის ძველ მენეჯმენტში კი აცხადებდნენ, რომ პროექტ „სწრაფი რკინიგზის“ პირველ ეტაპზე 100-კილომეტრიანი ლიანდაგები სრულად განახლებულია და სწრაფი მატარებლების მისაღებად მზადყოფნაშია. მათი თქმითვე, უკვე პროექტის პირველი ეტაპია დამთავრებული, რომელიც 100 კოლომეტრ სიგრძეზე ლიანდაგების განახლებას, ელექტროფიკაციას, უსაფრთხოების ყველა სტანდარტის უზრუნველყოფას გულისხმობს.
რა ეტაპზეა ამ დროისთვის პროექტი და გეგმავს თუ არა საქართველოს რკინიგზის ახალი მენეჯმენტი ამ პროექტის გაგრძელებას? ამ კითხვებზე commersant.ge–მ პასუხი ვერ მიიღო, რადგან ვერც რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან და ვერც სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის კოკა გუნცაძისგან ამ კითხვებზე პასუხების მიღება ვერ შევძელით. "საპარტნიორო ფონდში" კი, რომელიც რკინიგზის აქციებს 100% -ით ფლობს, აცხადებენ, რომ ამ კითხვებზე პასუხი თავად რკინიგზის ხელმძღვანელობამ უნდა გასცეს.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, უღელტეხილის მონაკვეთი გაჩერდა, რაც ნიშნავს იმას, რომ რკინიგზის 3 საათამდე აჩქარება ამ ეტაპზე ვერ მოხდება.
საქმე ისაა, რომ არსებული პროექტი გულისხმობს უღელტეხილის მონაკვეთიდან სარკინიგზო გზის გადატანას ისე, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მოსახვევები, დაგეგმილი იყო გვირაბებისა და ესტაკადების გაყვანა–აგება.
ის გზა, რომელიც გამოთავისუფლდებოდა, ავტობანისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რაზეც ექსპერტული დასკვნაც არსებობს. შედეგად, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გაკეთდებოდა კიდევ ერთი გზა რიკოთზე.
პროექტი არა მარტო სამგზავრო, სატვირთო გადაზიდვებისთვის იყო მნიშვნელოვანი.
ტრანსპორტის ექსპერტის მამუკა ცაგარეიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ პრიორიტეტად არა სამგზავრო, არამედ სატვირთო გადაზიდვები უნდა გამოაცხადოს.
მისი თქმით, დღეს რკინიგზის შემოსავლების 90 % სატვირთო გადაზიდვებზე მოდის და მხოლოდ 10 %–იანი წილი უჭირავს მგზავრთა გადაყვანიდან მიღებულ შემოსავალს.
მისი შეფასებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება სავსებით რეალისტურია და სიჩქარის გაზრდას ლიანდაგების აღდგენა თავისთავად ითვალისწინებს.
ცაგარეიშვილის განმარტებით, სწრაფი რკინიგზის პროექტი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუმცა ხელისუფლებამ სატრანსპორტო გადაზიდვების განვითარებაზე ფიქრიც უნდა დაიწყოს, კერძოდ კი უნდა გაუმჯობესდეს ფოთისა და ბათუმის საპორტო სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და მოწესრიგდეს წინასაპორტო სადგურებში სარკინიგზო კვანძებში არსებული დახარისხების პრობლემები.