პირებისათვის, რომელთაც კანონი წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს დამატებითი შეზღუდვა დაუწესდება.
მოქმედი "საარჩევნო კოდექსით" წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: - საარჩევნო კომისიის წევრისა, მოსამართლისა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა, გენერალური აუდიტორისა, სახალხო დამცველისა, უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა, საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს და ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა.
ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, ზემოთაღნიშნული პირებიდან საარჩევნო კომისიის წევრების, მოსამართლის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეების, გენერალური აუდიტორის, ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოხელეების და მარეგულირებელი კომისიების წევრების ღონისძიებებზე დასწრება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობად ჩაითვლება.