საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პროფესორები განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს მიმართვას უგზავნიან.
მიმართვაში, რომლის სახელწოდებაა "საქართველოს უნივერსიტეტების ავტონომიის დასაცავად" წერილის ავტორები "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილელებს და მათი დაჩქარებული წესით განხილვას აპროტესტებენ და მინისტრს რამდენიმე თხოვნით მიმართავენ.
უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და პროფესორების მიმართვას უცვლელად გთავაზოთ:
"2013 წ. 10 ივნისს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგინა კანონპროექტი "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში შესატანად.
იქიდან გამომდინარე, რომ შემოდგომაზე იგეგმება განათლების შესახებ ახალი კანონის მიღება, ჩვენთვის გაუგებარია ამ სასწრაფო ცვლილებების მიზანი და მისგან მოსალოდნელი სარგებელი, მითუმეტეს, რომ კანონში შესატანი ცვლილებების მომზადების პროცესში არ ყოფილა ჩართულნი საუნივერსიტეტო საზოგადოება (პროფესორები და სტუდენტები), რომელთა ბედსაც ეს ცვლილებები უშუალოდ უკავშირდება. ამით ფაქტობრივად ხდება იმ პრაქტიკის განმეორება, რასაც თქვენი გუნდი წინა ხელისუფლებას საყვედურობდა. ამდენად მოვითხოვთ, რომ შეჩერებული იქნას კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, რადგან მიგვაჩნია, რომ ასეთი ფორსირებული ცვლილებები წარმოადგენს აკადემიური თავისუფლების პრინციპების შებღალვას, ზღუდავს უნივერსიტეტის ავტონომიას, დოქტორანტებისთვის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის ჩამორთმევით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ მიერ წაკითხული კურსების სამომავლოდ სასწავლო პროგრამებში დარჩენას და ამდენად ხდება სასწვლო პროცესის შემაფერხებელი, ვინაიდან ამ კანონპროექტის მიხედვით:
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1 პუნქტის პ) ქვეპუნქტი რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის პრეროგატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრს ანიჭებს (განათლების მინისტრის წარდგინებით).
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 15-ე მუხლს ემატება მეორე პუნტი, რომელიც განსაზღვრავს რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და დეკანის მინიმალური და მაქსიმალური ხელფასის კოეფიციენტებს.
უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების საშუალებას აძლევს მხოლოდ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს და ამ თანამდებობის დაკავების ხანგრძლივობას 3-4 წლით განსაზღვრავს. მუხლი მეორე, ი პრიმა მუხლის მიხედვით, უნივერსიტეტში ჩნდება ახალი ერთეული ასისტენტი, რომელიც დამატებითი რგოლია და იმავდროულად ბიუროკრატიული ბარიერი ახალგაზრდა მეცნიერების კარირერული განვითარებისა და საუნივერსიტეტო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციისთვის, შესაბამისად, ხდება ბარიერი უნივერსიტეტში ახალი ადამიანური რესურსის გრძელვადიანი პერსპექტივით მოზიდვისთვის, რაც საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება საქართველოში მეცნიერების მომავალ განვითარებაზე.
მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის შეზღუდვის გზაზე. 2006 წლის შემდეგ, კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ" რექტორის უფლებამოსილების ვადამდელ შეწყვეტას, ისევე როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლებას აკადემიურ საბჭოს ანიჭებდა, განსხვავებით მანამდე არსებული კანონისგან, რომლის მიხედვითაც, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა პრეზიდენტის პერეროგატივა იყო. შესაბამისად, 2006 წლის შემდეგ მოქმედი კანონის შეცვლა იმგვარად, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, უნივერსიტეტის ავტონომიის თვალსაზრისით სახელმწიფოს მხრიდან უკან გადადგმულ ნაბიჯია.
მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტის ავტონომიის მაღალ ხარისხსა და მისი სასწავლო და სამეცნიერო ხარისხის გაზრდას შორის არსებობს პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, შესაბამისად, ამ ცვლილებების შეტანა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ზიანს მიაყენებს საქართველოს აკადემიურ სისტემას.
გაუმართლებელად მიგვაჩნია ამგვარი ცვლილებების მიღება საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებთან და სტუდენტებთან კონსულტაციის გარეშე.
მიგვაჩნია, რომ ისეთი საკითხები, როგორიცაა რექტორის არჩევა ან მისი მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა და აკადემიური პერსონალისათვის საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დადგენა ან რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და დეკანისათვის თვიური სარგოს დადგენა უნდა მოაწესრიგოს უნივერსიტეტების წესდებებმა და არა კანონმა უმაღლესი განათლების შესახებ.
აქედან გამომდინარე, გთხოვთ 1. ამოიღოთ უმაღლესი განათლების შესახებ კანონის ცვლილებების ტექსტიდან ა. მე-7 მუხლის 1 პუნქტის პ) ქვეპუნქტი, ბ. 15-ე მუხლის 2-ე პუნქტი, გ. 35-ე მუხლი ჩამოაყალიბოთ თავიდან, რადგანაც: 4) პუნქტში ასისტენტის თანამდებობა არ არის მიზანშეწონილი იყოს არჩევითი, ხოლო 3) პუნქტში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არჩევის კრიტერიუმები დარჩეს უნივერსიტეტის დისკრეციაში. 2. შეიტანოთ ცვლილება საქართველოს კანონში "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ", კერძოდ, ამ კანონის მე-10 მუხლში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს, ამ კანონიდან გამონაკლისის სახით, თავიანთი ხელმძღვანელის არჩევის და ამ ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლება მიენიჭებათ. 3. სამინისტროსთან შექმნათ უნივერსიტეტთაშორისი საკონსულტაციო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილები იქნებიან პროფესორები და სტუდენტები. ვფიქრობთ, რომ ასეთი ჯგუფი შეძლებს სამინისტროსა და უმაღლესი სასწავლებლების ინტერესების ოპტიმალურად შეჯერებას საქართველოს აკადემიური სისტემის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია განათლების მინისტრისადმი მიმართვაში.
მიმართვის პარალელურად, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები აღნიშნული მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებენ. ამ დროისთვის შესაბამის სიაში 600-მდე პირის ხელმოწერაა დაფიქსირებული.