სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, ვალერი ცერცვაძეს რამდენიმე მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების და კანონშესაბამისი რეაგირების წინადადებით მიმართა.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე – ინგა კვაჭანტირაძეზე, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეებზე - ჯუმბერ რუსიაშვილზე, ირაკლი შენგელიაზე და ივანე ღლონტზე.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოსამართლეებმა დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობა და ჯეროვნად არ შეასრულეს მოსამართლის მოვალეობა. საქმე ეხება სააქციო საზოგადოება "ელიტ ელექტრონიქსში" განხორციელებული საგადასახადო შემოწმების კანონიერებას.
როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, 2013 წლის 4 თებერვალს სააქციო საზოგადოება "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი დამფუძნებლის ანზორ ქოქოლაძის განცხადების საფუძველზე სახალხო დამცველის აპარატში დაიწყო საქმისწარმოება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ 2007 წელს განხორციელებული საგადასახადო შემოწმების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი გარემოებები:
2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა "ელიტ ელექტრონიქსის" სარჩელი, რომელშიც "ელიტ ელექტრონიქსი" საწარმოში ჩატარებული საგადასახადო შემოწმების არაკანონიერად ცნობას ითხოვდა. მოგვიანებით - 2009 წლის 29 მარტის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ უცვლელად დატოვა აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.
2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ ზემოაღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით ზოგადად მიუთითა, რომ სასამართლო ვერ გაიზიარებდა მოსარჩელის მოსაზრებას საწარმოში ჩატარებული საგადასახადო შემოწმების უკანონობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ შემოწმების დროს არ იყო მოსამართლის ბრძანება, ვინაიდან სააქციო საზოგადოების მიმართ არსებობდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე და საგადასახადო შემოწმება ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის დადგენილების საფუძველზე ჩატარდა.
სასამართლოს აზრით, საგადასახადო ორგანო არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო შეესრულებინა გამომძიებლის დადგენილება და საწარმოში ჩაეტარებინა საგადასახადო შემოწმება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საპროცესო დოკუმენტის საფუძველზე. ამასთანავე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სრულიად გაიზიარა პირველი ინსტანციის მოსაზრება საწარმოში ჩატარებული შემოწმების კანონიერების თაობაზე და მიუთითა, რომ მოსამართლის ბრძანების არარსებობა მეწარმის შემოწმების თაობაზე არ წარმოადგენდა საწინააღმდეგო დასკვნის გამოტანის საფუძველს.
საქართველოს საკანონმდებლო ბაზის მიხედვით, კანონმდებლობის არსებითი დარღვევის გამომვლენი ერთადერთი კომპეტენტური და უფლებამოსილი ორგანოა სასამართლო. შესაბამისად, სწორედ მოსამართლეებს ევალებოდათ, მათ მიერ გამოცემულ აქტში ემსჯელათ და დაესაბუთებინათ, თუ რატომ იყო საკმარისი საფუძველი საგადასახადო შემოწმებისათვის გამომძიებლის დადგენილება და რატომ არ იყო შემოწმების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელი მოსამართლის ბრძანების არსებობა. მითუმეტეს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი იმპერატიულად ადგენს, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო მოსამართლის ბრძანებით მოიპოვებდა მეწარმეზე საგადასახადო კონტროლის უფლებას.
"ამდენად, მოსამართლეებმა არ იმსჯელეს ზემოაღნიშნულ საკითხებზე და შემოიფარგლენ მხოლოდ ზოგადი, მშრალი ჩანაწერებით. მართალია, მოსამართლეს ყველა საკითხზე მსჯელობა გადაწყვეტილებაში არ ევალება, მაგრამ ისეთ არსებით საკითხზე, რომელიც სასამართლო სხდომაზე დააფიქსირა მხარემ და როგორიცაა საგადასახადო შემოწმების დაწყების კანონიერება, მოსამართლეებს აუცილებლად ნათლად და დასაბუთებულად უნდა დაეფიქსირებინათ სასამართლოს პოზიცია.
სახალხო დამცველმა წინადადება და მის ხელთ არსებული მასალები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ვალერი ცერცვაძეს გადაუგზავნა", - ნათქვამია განცხადებაში.