ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო წირვა მიმდინარეობს. სადღესასწაულო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად ასრულებს.
სადღესასწაულო წირვა 9 საათზე დაიწყო და მისი დასრულების შემდეგ უწმინდესი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს.
წმიდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.
აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმიდან არ წასულიყვნენ. იესო ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. მანამდე უფალმა შეკრებილნი აკურთხა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, თეთრად მოსილი ორი კაცი ეჩვენათ. მათ შეკრებილებს უთხრეს, რომ ასევე იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს.