მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
სადღესასწაულო წირვა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში 09:00 საათზე დაიწყება.
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს.
წმიდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.
აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმიდან არ წასულიყვნენ.
ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. მანამდე უფალმა შეკრებილნი აკურთხა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, თეთრად მოსილი ორი კაცი ეჩვენათ. მათ შეკრებილებს უთხრეს, რომ ასევე იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს.