საქართველოს პრეზიდენტი გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის საკითხებში ჩალოკა ბეიანის შეხვდა. პრეზიდენტის "ფეისბუკის" გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა დევნილთა უფლებების დაცვა, მათი პირობების გაუმჯობესება და იმ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა იყო, რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს. საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს რეზოლუციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
"მივესალმები გაეროს წარმომადგენელს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებაში. საქართველოს ჰყავს ალბათ 500 000-მდე ადამიანი, ვინც ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში, ვინც გამოყრილია იმ ადგილებიდან, სადაც ისინი დაიბადნენ, სწავლობდნენ, სადაც არის მათი ოჯახები და საფლავები. ჩვენ ბევრი გავაკეთეთ წინა წლებში რომ ამ ხალხისთვის მიგვეცა სახლები, ბევრად მეტია კიდევ გასაკეთებელი, მაგრამ მთავარი რაც არის, რომ ერთის მხრივ მათ ინტეგრაცია განიცადონ საზოგადოებაში, მაგრამ ვერავინ, ყველაზე უფრო ძლიერმა და დაუნდობელმა აგრესორმა ოკუპანტმაც ვერ უნდა წაართვას მათ უფლება საკუთარ სახლებში დაბრუნების. ამიტომ გაეროში არის რეზოლუცია. მე პირადად ვმუშაობ იმაზე, რომ ამ რეზოლუციას უფრო მეტი ხმები ჰქონდეს ყოველ წელს, რომელიც აფიქსირებს მათი საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას. მათ უნდა ჰქონდეთ სახლები საქართველოს დანარჩენ ნაწილებში, მაგრამ ამავე დროს ოკუპირებულ ნაწილშიც. ეს არის ჩვენი პოლიტიკის არსი, რომ ვერავინ, ვერასოდეს წაართვას მათ უფლება, დაიბრუნონ თავისი სახლი და მიწა. რა თქმა უნდა საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი გვაქვს ამ პროცესის მშვიდობიან განხორციელებაში",-განაცხადა სააკაშვილმა.