ე.წ მატროსოვის ციხის აბანოს გასახდელში ვიდეო-კამერა აღმოჩნდა დამონტაჟებული.
საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთან ერთად, მონიტორინგი განახორციელეს #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში, სადაც სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომლები და მაღალჩინოსნები არიან განთავსებულები.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ უკლებლივ ყველა პატიმრის განცხადებით, მათ მიმართ მოპყრობა ნორმალურია. მათივე თქმით, დაწესებულების ადმინისტრაცია და თანამშრომლები, შეძლებისდაგვარად, ყველა მათ კანონიერ თხოვნას ითვალისწინებენ. ამასთან, მონიტორინგისას გაირკვა, რომ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ აქვთ საშუალება, ტელევიზორით ისარგებლონ. ამ უფლებით მხოლოდ რამდენიმე პატიმარი, მათ შორის, თავდაცვის ექს მინისტრი ბაჩანა ახალაია სარგებლობს. ტელევიზორი, პრაქტიკულად, ძირითადი საკითხი აღმოჩნდა, რაზეც დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები გამოთქვამენ უკმაყოფილებას.
2012 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრსN#7 და #9 დაწესებულების დახურულ ნაწილში ტელევიზორით სარგებლობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა - #7 დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს მიეცათ უფლება, ტელევიზორები იქონიონ, თუმცა #9 დაწესებულების დახურულ ნაწილში განთავსებული პატიმრების უმრავლესობას კვლავ არ ეძლევა ტელევიზორით სარგებლობის საშუალება. ამჟამად ტელევიზორის ქონა ყველა ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია დაშვებული. გამონაკლისია #9 დაწესებულება, რაც აღნიშნულ აკრძალვას, სახალხო დამცველის აზრით, დისკრიმინაციულ ხასიათს ანიჭებს.
სპეციალური პრევენციული ჯგუფი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აღნიშნულ პრობლემას დროულად გადაწყვეტს, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მოაწვდის ინფორმაციას, რა საფუძვლით არ ეძლევათ #9 დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ტელევიზორით სარეგებლობის უფლება.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მონიტორინგის დროს აღმოჩნდა, რომ #9 დაწესებულების აბანოს გასახდელში დამონტაჟებულია ვიდეოკამერა, რაც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირად ცხოვრებას ხელყოფს, მით უმეტეს, რომ არ არის ზუსტად განსაზღვრული იმ პირთა წრე, ვისაც ხელი მიუწვდება ამგვარ ჩანაწერებზე, ასევე, ამ უკანასკნელთა შენახვის პირობები და ვადა.
ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს.