ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 16 აგვისტოს გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თსუ-დან აცნობეს, აკადემიური საბჭოს დადგენილებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი დღეს გამოცხადდა. კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვრა 12 ივლისის 18.00 საათი. თსუ-ის რექტორის არჩევნები 16 აგვისტოს გაიმართება.
აკადემიურმა საბჭომ თსუ-ის რექტორის, ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დღეს დააკმაყოფილა. ამასთან, აკადემიურმა საბჭომ თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ალექსანდრე კვიტაშვილი დანიშნა.
კვიტაშვილის განცხადებით მისი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ უნივერსიტეტის ავტონომიურობის დაცვის ერთადერთი გზა იყო. "თსუ აკადემიურ საბჭოს მივმართე მოთხოვნით გადადგომის შესახებ, რომელიც აკადემიურმა საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ვთვლი, რომ ჩემი გადაწყვეტილება არის უნივერსიტეტის ავტონომიურობის დაცვის ერთადერთი გზა- არჩეულ აკადემიურ საბჭოს მიეცეს საშუალება თავად გადაწყვიტოს - ვინ იყოს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ან ახალი რექტორი. ჩემი გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გატარებული პოლიტიკით არის ნაკარნახევი. სამინისტროში გუშინწინ შედგა უნივერსიტეტების რექტორებთან შეხვედრა, სადაც ჩვენ გვთხოვეს, რომ მონაწილეობა მიგვეღო კანონპროექტის შემუშავებაში. თუმცა, აღმოჩნდა, რომ კანონპროექტი ცვლილებებით უკვე 31 მაისს იყო პარლამენტში შეტანილი და გუშინ პარლამენტის ბიურომ განიხილა. ამ ცვლილების თანახმად, უნივერსიტეტების რექტორების მოვალეობის შემსრულებლებს ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელი. ეს უნივერსიტეტის ავტონომიაში ძალიან უხეში ჩარევაა. თსუ აკადემიურმა საბჭომ დღესვე გამოაცხადა ახალი რექტორის თანამდებობაზე კონკურსი. ორთვიან ვადაში აკადემიური საბჭო აირჩევს ახალ რექტორს და გარედან რექტორის დანიშვნას ვერავინ მოახერხებს. აკადემიურმა საბჭომ მთხოვა ახალი რექტორის არჩევამდე რექტორის მოვალეობა შევასრულო. ჩემი თანხმობა მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ დიდ პატივს ვცემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და არჩეულ აკადემიურ საბჭოს, რომელსაც უნივერსიტეტის ავტონომიურობის და დამოუკიდებლობის დაცვის საშუალება უნდა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, რომ თსუ-ში რექტორის არჩევა დემოკრატიული, ცივილიზებული გზით მოხდება. აუცილებელია უნივერსიტეტში ერთხელ მაინც ცივილიზებული ფორმით შედგეს რექტორის შეცვლა. არჩეულ ახალ რექტორს მე გადავაბარებ ყველა საქმეს, დავეხმარები სიტუაციაში გარკვევაში", - განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.