პარლამენტმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კახა იმნაძის, ნატო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კი ლევან დოლიძის კანდიდატურები დაამტკიცა.
კახა იმნაძისა და ლევან დოლიძის კანდიდატურებზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელეს, დღის ბოლოს კი კენჭი უყარეს.
ლევან დოლიძის კანდიდატურას 115 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მის წინააღმდეგ ხმა არც ერთ კანონმდებელს არ მიუცია.
კახა იმნაძეს კი მხარი 87 დეპუტატმა დაუჭირა, 18-მა კი ხმა მისი დანიშვნის წინააღმდეგ მისცა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კახა იმნაძისა და ნატო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ლევან დოლიძის კანდიდატურებს კომიტეტებმა გუშინ მოუსმინეს. მათ დღეს არსებულ ვითარებასა და სამომავლო საქმიანობის ასპექტებზე ისაუბრეს, შემდეგ კი პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხეს.