შრომის კოდექსში ცვლილებები მიღებულია. პარლამენტმა შრომის კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო, მანამდე კი მეორე მოსმენით იმ ცალკეულ მუხლებს უყარა კენჭი , რომელზეც შეთანხმება მხოლოდ გუშინ მოხერხდა. მესამე მოსმენით შრომის კოდექსს მხარი 91 დეპუტატმა დაუჭირა, 26 კი მის წინააღმდეგ წავიდა.
როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, მიღებულია შრომის ისეთი კოდექსი, რომელიც შრომითი ურთიერთობების ახალ ეტაპს განაპირობებს. "ჩვენ მოვახერხეთ კონსენსუსის მიღწევა და მივიღეთ შრომის კოდექსი, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ორივეს - დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესებს", - აღნიშნა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, მანამდე არსებული კოდექსი დისკრიმინაციული იყო და დასაქმებულების უპირობო გათავისუფლება ყოველგვარი განმარტების გარეშე ხდებოდა. "ვფიქრობთ, ჩვენ მოვახერხეთ ამ პუნქტში დაცულიყო დასაქმებულის ინტერესები, მაგრამ თუკი პირი არ შეასრულებს ხარისხიანად და პასუხისმგებლობით საქმეს და მოვალეობას, რა თქმა უნდა, პირობები გაწერილია დეტალურად, სადაც დამსაქმებელი შეძლებს მხოლოდ დასაბუთებულად გაათავისუფლოს დასაქმებული", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც მან აღნიშნა, ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ახალი ურთიერთობა შემოდის, აქამდე კი იყო მხოლოდ სამთვიანი ხელშეკრულებები, რომელიც დავის საგანი ხშირად ხდებოდა. კერძოდ, მისი თქმით, უვადო ხელშეკრულებები იქნება შემოღებული, თუმცა გარკვეული რეგულაციებით. უვადო ხელშეკრულებები გაფორმდება დასაქმებულთან თუ ის მუშაობს 30 თვის განმავლობაში.
ასევე ორი ტიპის რეგულაციაა შრომითი ხელშეკრულების წინასწარი გაფრთხილების საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის ერთ თვით წინასწარი გაფრთხილების შემთხვევაში დასაქმებულს ერთი თვის სამუშაოს ხელფასი აუნაზღაურდება, ხოლო თუ დამსაქმებელი სამი დღით ადრე გააფრთხილებს დასაქმებულს, მაშინ მას მოუწევს დასაქმებულისთვის 2 თვის სახელფასო ანაზღაურების მიცემა.
შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები ძალაში მისი გამოქვეყნდებისთანავე შევა და მისი გაცნობა ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება.