ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების გამო, ბელგიაში საქართველოს საელჩოში გახსნილი სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ალიანსის გენერალური მდივანი მამაცი ქართველი სამხედროების თავგანწირვას აღნიშნავს და მათი ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
ბელგიაში საქართველოს საელჩოში სამძიმრის წიგნი 7 ივნისს გაიხსნა. ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვეს ნატო-ს მაღალჩინოსნებმა, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს გენერალური მდივნის მოადგილეებმა, ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელბმა და ავღანეთის ელჩმა.