განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი ხელისუფლების მხრიდან უნივერსიტეტების ავტონომიაში ჩარევაზე ალექსანდრე კვიტაშვილის ბრალდებებს "სასაცილოს" უწოდებს. "ავტონომიაში ჩარევაზე ლაპარაკი სასაცილოა. იმ ცვლილებაზე, რითაც ბატონ კვიტაშვილს აღარ ეკუთვნის შემდგომში უნივერსიტეტის რექტორობა, ანუ ცვლილებაზე, რომელიც ითვალისიწნებს, რომ უნივერსიტეტის რექტორი აუცილებლად პროფესორი უნდა იყოს, ლაპარაკი იყო ჯერ კიდევ 3 თვის წინ. ის, რომ ჩვენი სამინისტრო ამას აპირებდა, ბატონი კვიტაშვილისთვის და აკადემიური საბჭოსთვის ცნობილი გახლდათ. შესაბამისად, ეს სიურპრიზი არ არის და უნივერსიტეტის ავტონომიის ხელყოფაზე საუბარი უცნაური და არასწორია", - განუცხადა დავით ზურაბიშვილმა "ინტერპრესნიუსს" კვიტაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას.
რაც შეეხება თსუ-ს რექტორის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას, მინისტრის მოადგილე აღნიშნულის კომენტირებისგან თავს იკავებს.
"მე ვერ შევაფასებ მის გადაწყვეტილებას. ფაქტი ისაა, რომ ბატონი კვიტაშვილი შემდგომში ვეღარ იქნებოდა უნივერსიტეტის რექტორი, რამდენადაც ვერ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
დავით ზურაბიშვილის ინფორმაციით, ალექსანდრე კვიტაშვილის გარდა, კიდევ ერთი რექტორი, რომელსაც უმაღლესი აკადემიური ხარისხი არ აქვს, თელავის უნივერსიტეტის ხელმძღვანელია.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დღეს თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად კვიტაშვილმა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები დაასახელა, რომლითაც უმაღლესი სასწავლებლის რექტორდ აკადემიური ხარისხი უნდა ჰქონდეს.
"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკაა, რომ რექტორი აუცილებლად უნდა იყოს უმაღლესი აკადემიური ხარისხის მატარებელი. ვფიქრობ, "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები უნივერსიტეტების ავტონომიაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს, თუმცა, რადგან ესაა პოლიტიკის განმსაზღვრელი ქვეყანაში, მე ვარ კანონმორჩილი", - აღნიშნა კვიტაშვილმა.